CBS ჯგუფის დამფუძნებელი, ხვიჩა მაქაცარია აცხადებს, რომ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული რჩება. როგორც Imedinews-ი წერს, ბიზნესმენის თქმით, ხელისუფლება პროგნოზირებადი გარემოს შექმნას ცდილობს.
"მე, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომელსაც რვა ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ქვეყანაში სტაბილურად მზარდი ეკონომიკის შენარჩუნების მომხრე ვრჩები, რასაც ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დიალოგის შედეგით მივაღწიეთ. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ქართული საზოგადოების წევრი ვთვლი რომ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მდგრადი ბიზნესისა და ევროპული კურსის შენარჩუნება, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესი ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას, რომელიც თავის მხრივ ცდილობს პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უმარტივებს ქვეყნის ეკონომიკაში გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება, როდესაც რუსული წარმოშობის კომპანია სრულად იქნა გამოსყიდული ჩვენს მიერ და ამ სრულად ქართულმა კომპანიამ ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით და საქართველოს ორი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის დახმარებით 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები განათავსა და აღნიშნული ობლიგაციები კი ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული,
ზემოხსენებული ურთულესი ფინანსური ტრანზაქციის გარანტია კი სწორედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი უსაფრთხო ბიზნეს გარემო და განვითარების სტაბილური ევროპული კურსი გახლდათ.
მე როგორც ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომლის ყველაზე მსხვილი კომპანიები რეგულირებულია სახელმწიფოს, მიერ გაცემული ლიცენზიებით, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს საქმიანობის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, როგორც ფინანსური და მარეგულირებელი ინსტიტუტებისთვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც”, - აღნიშნულია განცხადებაში.
"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.
რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.
26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.