„ყველაფერი აბსოლუტურად მყარადაა“ - ასე ხსნის "ოცნების" მთავრობის პრემიერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ წლიურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა წლის ბოლოსთვის საშუალოდ 6%-ის ნაცვლად, 7.2%-ით გაიზრდება.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში "კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, სტაბილური ლარის კურსი გვაქვს და რეზერვები ივსება", რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგნოზების გაუმჯობესებას განაპირობებს.
"ყველა ხედავს, როგორია ტენდენცია. ხედავთ, რომ ლარის კურსი დღეს სტაბილურია და უფრო მეტიც ეროვნული ბანკი რეზერვების სწრაფად შევსებას ახერხებს გასული თვეების განმავლობაში. ჩვენ 4 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 8.8% გვაქვს, ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა საკუთარი პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე. დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს 7.2%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვექნება.
ისინი [ოპონენტები] პროგნოზირებდნენ მაღალ ინფლაციას და ინფლაცია არის 3%-იანი ზღვრის მიმდებარედ, შესაბამისად, ყველაფერი აბსოლუტურად მყარადაა, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად ვითარდება, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება რეზერვები - ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება სავალუტო ფონდის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.




























