ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გააკეთებს ყველაფერს, რათა სავალუტო ფონდის შეჩერებული პროგრამა აღდგეს. ამის შესახებ გალდავამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ანალოგიური პოზიცია აქვს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასაც.
“ჩვენ ეროვნული ბანკის საბჭო, მათ შორის მენეჯმენტი და ქალბატონი ნათიაც იგივეს გეტყვით, რომ ყველაფერს ვიღონებთ, რათა პროგრამა აღდგეს.
დაველაპარაკებით ფონდს და რა ბენჩმარკებსაც და საკითხებსაც დააყენებენ, შევეცდებით 100%-ით შევასრულოთ.
ეს არ არის პროგრამის შეწყვეტა. შეწყვეტა სხვანაირი და მტკივნეული პროცესია და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან.
მე ვთვლი, რომ ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა ქვეყანაში. ამიტომ ნებისმიერი რყევა, ასევე წევრების ასეთი გასვლა, რომლის ფორმაც არ იყო ჩემი აზრით სწორად შერჩეული. ამის აშენება მოხდა წლების განმავლობაში და თავად ეროვნული ბანკის თანამშრომლებს უნდა ესმოდეთ სად მუშაობენ,”- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ მხარდაჭერილი პროგრამა შეჩერებულია. პროგრამის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.