გადაცემა “წერტილის” ეთერში პაშა ბანკის ყოფილმა CEO-მ ნიკოლოზ შურღაიამ საქართველოს ეკონომიკაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არსებულ ვითარებაში მაქსიმალურად პასუხისმგებლიანად მოქმედებისკენ მოუწოდა. როგორც ყოფილი ბანკირი ამბობს, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკიდან წასულებმა აღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღეს, რადგან საკითხი მათ ღირებულებებს შეეხო.
“ასეთი რთული ვითარება მე არ მახსოვს ცენტრალურ ბანკში. ბანკირი დიდი ხანია ვარ, დიდი ხანია ვაკვირდებოდი სებ-ის პრეზიდენტების და საბჭოების საქმიანობას, მე ასეთი არ მახსოვს. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები გააჩინოს დაფიქრების და გადააზრების. ამ ოთხი ადამიანის გადადგომა არის მეტად უსიამოვნო და რთული შედეგების მომტანი. არ მისაუბრია და მათი აზრი არ ვიცი, მაგრამ ჩემი მსჯელობა გამომდინარეობს მოტივაციიდან და ადამიანის ხასიათიდან რასაც დავაკვირდი. შევხედე ბიოგრაფიებს, ორს მათგან ვიცნობ და პროფესიულად პატივს ვცემ. პროფესიულად გავიცანი ბატონი პაპუნა და ბატონი არჩილ მესტვირიშვილი. ოთხივე მათგანის საქმიანობის და კარიერის ანალიზით ასეთ დასკვნამდე მივდივარ, რომ მათ უყვარდათ თავის საქმე და სიხარულით და ინტერესით აკეთებდნენ. არცერთი მათგანი არ არის არც იმპულსური ადამიანი რადგან ამას ვხედავ და მრავალი სირთულე აქვთ გადავლილი კარიერის მანძილზე, საკმაოდ დიდი ხანი იმუშავეს, მათ შორის ორი ათეული წელიც, არც მხდალები არ ჩანან და არც სიხარბეს და ეგოს გამოკიდებულები. ისინი იყვნენ ჯანსაღი პროფესიონალები, მენეჯერები და სახელმწიფო მოხელეები. ეს ხალხი რომ მივიდა ასეთ გადაწყვეტილებამდე, არის ძალიან მტკივნეული. ასეთი ხალხი იოლად არ იღებს გადაწყვეტილებას საყვარელი საქმე მიატოვოს და გავიდეს თამაშიდან.
მე მინდა მათ სიმამაცეც მოვუწონო, ჩვენ გვაქვს რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ეს არის ჩვენი სულიერი სამყაროს ნაწილი და მგონია, რომ “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”, ეს ყველა ქართველმა უნდა გავიაზროთ და ვიცოდეთ, როდის უნდა ადგე მაგიდიდან - როდესაც ზღვარს გადადის, ამ დროს ნებისმიერი დათმობა მორალის და ღირსების მიმართ ძალიან დიდი რისკის მატარებელია.
ვფიქრობ, რომ ეს მათ ღირებულებებს შეეხო და ღირებულებები ძალიან მაღალი კატეგორიაა, როდესაც ადამიანის სულიერ სამყაროსთან შეუთავსებლობა ხდება. ვფიქრობ, მორალური დილემის წინაშე მიიღეს მათ გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. ძალიან მტკივნეული, მგონია რომ ისინი ძალიან დააკლდება ეროვნულ ბანკს. მით უმეტეს დააკლდება არამხოლოდ მათი, როგორც მაღალი კალიბრის პროფესიონალების გამოთიშვა და მათ შემცვლელებს ვერ ვხედავ და ძნელად ვხედავ. ეს დააკლდება საბანკო სექტორს და ეკონომიკას, რადგანაც მათ მოქმედებას დიდი გავლენა აქვს საბანკო სექტორსა და ეკონომიკაზე. კარგი და ცუდი მართვის შედეგები სწრაფად არ ჩანს. ჯერ არ არის კრიზისი, კრიზისი მერე მოდის. ჯერ არის ინერცია, მუშაობა მიდის, წარსული მარაგები არსებობს. ასეთი ხალხი საჭიროა ნამდვილი კრიზისების დროს, როდესაც ეკონომიკას შოკები მოსდის, აი მაშინ გამოჩნდება ვინ ვინ არის ხოლმე. ახლა ბევრი მხრივ ნორმალური წყნარი მდგომარეობაა. უფრო რთულ ვითარებაში კი ვნახავთ, იმას თუ რა მოჰყვება კარგი მმართველების უფრო ნაკლებ კარგი მმართველებით ჩანაცვლებას”, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.