Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი თათია მამრიკიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზტიტორები ხარჯავენ. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაგალითად ისრაელელმა ვიზიტორებმა შარშან საქართველოში 586 მლნ დოლარი დახარჯეს (თითო ვიზიტზე დაახლოებით 1456 დოლარი), რაც წლიურად 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ მონაცემით ისრაელს მხოლოდ რუსეთი და თურქეთი უსწრებენ.
"2025 წელს საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 4.7 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 6%-იან ზრდას წარმოადგენს. ზრდის ძირითადი კონტრიბუტორები 2025 წელს იყვნენ ისრაელი, ევროკავშირის ქვეყნები და შორეული აზიის ქვეყნები.
თუ ტურისტების მხარჯველუნარიანობას შევხედავთ, როგორც ოფიციალური სტატისტიკის, ისე საქართველოს ბანკის არხებით დაფიქსირებული უცხოური ბარათების ხარჯვის მონაცემების მიხედვით, ჩვენი შეფასებით, ყველაზე მაღალმხარჯველ სეგმენტად შეიძლება ჩაითვალოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის ისრაელი და არაბული სამყარო.
ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნების წვლილი, რომლებიც მაღალი ხარჯვის პარალელურად, მრავალი მიმართულებით ხელს უწყობენ თავად სექტორის განვითარებას.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, თუ გავაერთიანებთ რუსეთს, უკრაინას, ბელარუსს და ყაზახეთს, დაკვირვებით ჩანს, რომ ეს შედარებით დაბალმხარჯველი სეგმენტია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებიდანაც ფიქსირდება მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკადები, თუმცა ასეთი სეგმენტი ძირითადად თბილისისკენ არის კონცენტრირებული.
აჭარაში კი ძირითადად ვხედავთ უფრო ბიუჯეტურ სეგმენტს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული ტურისტების მიერ აპარტამენტებზე შექმნილ მოთხოვნაზეა ორიენტირებული. მაგალითად, მათი ვიზიტისას საშუალო დღიური ხარჯი დაახლოებით 100–140 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200–270 დოლარს აღწევს.
რაც შეეხება ჩინეთსა და ინდოეთს, ჩვენი აზრით, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით", - ამბობს მამრიკიშვილი.



























