მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვინდა მდგომარეობაში გარკვევა“ - „საირმეში“ დასაქმებულთა გაფიცვის შეტყობინებას პასუხობენ

63e3e79f29290
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.23 23:09
1081
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „საირმეს“ დასაქმებულები 13 თებერვლიდან გაფიცვას აანონსებენ. შესაბამისი შეტყობინება აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ 8 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის და კომპანიის დირექტორის სახელზე გაგზავნა.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ 27 დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მენეჯმენტში კონკრეტული პირების ცვლილებას ითხოვს. გიორგი დიასამიძის თქმით, მედიაციის პროცესი, რომელიც მხარეებს შორის მიმდინარეობდა უშედეგოდ დასრულდა და კომპანიამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

საკითხის გასარკვევად BM.GE „საირმე მინერალ ვოთერსს“ დაუკავშირდა და დასაქმებულებთან მიმართებით კომპანიის პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. როგორც კომპანიის ექსპორტის დირექტორმა განმარტა, „საირმეს“ მენეჯმენტისთვის პროფკავშირის მხრიდან მიღებული წერილი, რომელიც დასაქმებულთა გაფიცვის შესახებ ამცნობდა მოულოდნელი იყო. კომპანიაში დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„7 თებერვალს კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის პროფკავშირის თანდასწრებით მედიაციის პროცესი გაიმართა. მათ წარმოადგინეს თავისი მოთხოვნები და ჩვენ ჩვენი პოზიცია და კომენტარები გავაცანით. ეს იყო სამუშაო პროცესი, რომელმაც საკმაოდ კონსტრუქციულად ჩაიარა. გუშინდელი კომუნიკაციის შედეგად კომპანია პარასკევამდე დასაქმებულების მხრიდან უკუკავშირს ელოდა. იმის ნაცვლად რომ პასუხი გაეცათ ჩვენთვის ჯანდაცვის მინისტრისა და კომპანიის დირექტორის სახელზე გაგზავნილი წერილი მოგვივიდა. გვინდა გავერკვეთ მდგომარეობაში და სხვა დეტალებზე კომუნიკაცია მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება“, - განუცხადა BM.GE-ს „საირმეს“ ექსპორტის დირექტორმა ლევან კასრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები