საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეისწავლის თუ რა ზეგავლენა ექნება საქართველოს მიერ სებ-ის კანონში მათთან შეუთანხმებლად მიღებულ ცვლილებებს ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობაზე - ამის შესახებ ფონდის მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. IMF-ის მიმდინარე სამწლიანი პროგრამით ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება რომ პროგრამის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით არ განახორციელებდა ისეთ საკანომდებლო ცვლილებებს, რომლებიც ფონდთან არ იქნებოდა შეთანხმებული, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის გაჩენა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სწორედ ასეთ საკითხს წარმოადგენდა.
"2023 წლის 13 -21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ბატონი ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. მისიის დასასრულს ბატონმა ჯონმა განაცხადა შემდეგი:
საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავისმხრივ, უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება. საგარეო შემოდინებების სიმტკიცე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს უწყობს. 2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება განაგრძო. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მცირედ პროფიციტული იყო მაღალი ფისკალური შემოსავლების გამო.
“ივნისში წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა და 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. ინფლაციის შემცირება, ნაწილობრივ, სასაქონლო პროდუქტების ფასების კლებამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. თუმცა საბაზო ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, მიგრანტების შემოდინების გამო საცხოვრებლის ქირის გაზრდილი ფასის და შრომის ბაზარზე სიმჭიდროვის ზრდამ გამოიწვია. ინფლაციის მის სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შენარჩუნების გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაისში 50 საბაზისო პუნქტით, 10.5 პროცენტამდე შეამცირა. ფინანსური სექტორი მდგრადია. ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მოსთხოვა რა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა.
სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ველით, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, სანამ საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. საბაზო ეფექტის და ლარის გამყარების გავლენით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას ველით წლიურ 0.3 პროცენტამდე. 2024-შიინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება.
გაურკვევლობა მაღალია უცხოური წყაროებიდან შემოდინებების მდგრადობასთან და გლობალურ კონიუქტურასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, საჭიროა გონივრული ფისკალური და რეზერვების მართვის პოლიტიკის გაგრძელება და ადგილობრივი ინფლაციის და ფინანსურ სექტორის მიმართ შესაძლო რისკების თვალყურის დევნება.
2024 წელს და შემდგომ მიზანშეწონილია მცირე ფისკალური კორექტირება რაც ბუფერების ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შექმნის სივრცეს ხარჯვისთვის საჭირო პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის სტარტეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების რეფორმის განხორციელება უნდა მოხდეს ფისკალური რისკების შეზღუდვის, ეფექტურობის და შეჯიბრებითობის დაცვით.
უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან.
სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდლი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელისაც სსფ უჭერს მხარს (SBA). სსფ-ს მისიმ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვას განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში.
სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას პროდუქტიული დიკუსიისთვის. მისია შეხვდა ქალბატონ თურნავას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს; ბატონ ხუციშვილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს; ბატონ დავითაშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენ მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში და ასევე, მეოთხე მუხლის კონსულტაციების (Article IV Consultations) ფარგლებში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის ვითარება იქნება მიმოხილული“.