მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეზინფორმაცია და მავნებლობა“ - პრემიერი EU-თან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე

61556db95600a
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 11:57
586
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის კლასიკური მაგალითს და მავნებლობას“ უწოდებს და ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება არ იგეგმება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმია. ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. წინა მთავრობის დროს ეს წარმოუდგენელი იყო და ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ჩვენ ამას მივაღწიეთ.

გუშინ კი ვიხილეთ მორიგი კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. ეს მართლაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ხელწერა და მათი სახეა, ეს არის ტყუილი. ევროპელი ლიდერების მხრიდან გუშინვე დადასტურდა, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა EU Observer-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინვე უარყო. გამოცემამ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გერმანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან, ასევე ბალკანეთის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით უკმაყოფილოა და ევროკომისიას აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას თხოვს.

დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ მოიპოვა, საუბარია, რომ ბალკანეთის წევრი ქვეყნები - ალბანეთი და სერბეთი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ლიდერობენ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობით, რაც ქვეყნისთვის სამიგრაციო თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, ეს ინფორმაცია და აღნიშნული ინიციატივა გერმანიას დღის წესრიგში არ დაუყენებია.