მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის კანონი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა - ტექსტი

63fdae2aceba1
ინგა მურუსიძე
28.02.23 11:38
839
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.

სალომე ზურაბიშვილმა კანონი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. 

პრეზიდენტის პოზიციას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:


"„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, რისი საჭიროებაც არ არსებობდა.

ცვლილებები ემსახურება ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებით ახალი აღმასრულებელი თანამდებობის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციის შემოღებას. ეს ხდება მაშინ, როცა ეროვნულო ბანკს უკვე ჰყავს 3 მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და წარსულში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, არასდროს ყოფილა პრობლემა ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრა.

დაუშვებელია მსგავსი პერსონიფიცირებული კანონის მიღება, რადგან ცვლილება განაპირობებს კონსტიტუციური ორგანოს, ეროვნული ბანკის მმართველობაში უხეშ ჩარევას და აღიქმება მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის უხეშ მცდელობად.

ეროვნულ ბანკში დამატებით კიდევ ერთი აღმასრულებელი თანამდებობის დაჩქარებული წესით შემოღება ემთხვევა უახლოეს პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას და უკავშირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრას. ეს იმ მიუღებელი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოებს განუსაზღვრელი ვადით ხელმძღვანელობენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრიდან 5 იქნება აღმასრულებელი, ხოლო 4 - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად, თუნდაც გარკვეული პერიოდით, ირღვევა საბჭოს აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები.

ეროვნული ბანკის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს სიღრმისეულ მიდგომას და მიმართული უნდა იყოს ამ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და სანდოობის გაზრდისკენ, რაც მიღებული ცვლილებებით ნამდვილად ვერ მიიღწევა.

გასათვალისწინებელია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული პოზიციის თანახმად, მისაღები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების რაოდენობა და დამოუკიდებელ ზედამხედველთა ბალანსი დანარჩენ წევრებთან მიმართებით. შემოთავაზებული კანონპროექტით საბჭოს 5 წევრი - აღმასრულებელი, ხოლო 4 არააღმასრულებელი იქნება, ანუ ცალსახად გაუქმდება ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლი, ვინაიდან საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა აღმასრულებელი წევრი იქნება.

ასევე, ეროვნული ბანკის პოზიციის თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისიის რეკომენდაციების საფუძველზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში აუცილებელია ისეთი ცვლილების შეტანა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში მოქმედი არააღმასრულებელი წევრები მუდმივად და დროის ნებისმიერ მომენტში უმრავლესობაში იყვნენ. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები კი ამ რეკომენდაციების საპირისპიროა.

საყურადღებოა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვიზიტის დასრულებისას გამოქვეყნებული განცხადება: „მაღალი რისკების პირობებში, პოლიტიკის საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს“.

ამდენად, მოტივირებული შენიშვნების სახით გთავაზობთ: უცვლელად იქნეს შენარჩუნებული ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია, გარდა მე-15 მუხლის მე-2 პუნქტისა, არ იქნას შემოღებული პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და შედეგად, საბჭოში არ გაიზარდოს აღმასრულებელი წევრების რაოდენობა, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნისას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი გადაწყვიტოს ეროვნული ბანკის საბჭომ. აღსანიშნავია, რო ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონი საკითხის გადაწყვეტის მსგავს მექანიზმს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევასთან დაკავშირებითაც ითვალისწინებს.

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოტივირებული შენიშვნებით გიბრუნებთ პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონს და გთავაზობთ, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები