მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა (24-29.02.2020)

5e5bb80673fee
ირაკლი მაკალათია
01.03.20 17:26
2086
გთავაზობთ მიმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას. 

1. კორონავირუსი -  შეზღუდული გადაადგილება და ეკონომიკური ზარალი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მამუკა ჯანგულაშვილის განცხადებით, რისკ ზონებიდან მომავალ პირებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დეტალურ შემოწმებას უტარებენ. პაციენტის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მგზავრის იზოლაციისა და სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის შესახებ. მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24 საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-მა კორონავირუსის მომატებული რისკის გამო, მარტის თვეში იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირე შეამცირა.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Ryanair-მაც, რომელიც მილანის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს, ბოლონიის მიმართულებით კი ფრენებს დროებთ წყვეტს.

ტუროპერატორების განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ფოსრმაჟორის გამო მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში ჯავშნებს აუქმებენ და უკვე შეძენილი ტურების თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ირანის 141,997 მოქალაქე იმყოფებოდა, რითიც საქარათველოს ტურიზმის სტატისტიკაში ირანმა მერვე ადგილი დაიკავა. ირანელი ვიზიტორის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ 2,287 ლარს შეადგენდა, რითიც ირანელები ყველაზე მაღალმხარჯველი ვიზიტორების ტოპ ათეულში მეექვსე ადგილს იკავებენ.’’ 

რეისების შეჩერებამდე ჩინეთიდან საქართველოში კვირაში 3 სიხშირით ერთი ავიაკომპანია დაფრინავდა. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი იყო საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის. 2019 წელს 2018 წელთან შედარებით ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა
საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობის სტატისტიკა ქვეყნებისა და ვიზიტის მიზნების მიხედვით იხილეთ ბმულზე.  

2. ეკონომიკური ზრდა 

2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1% შეადგინა.

2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, დამამუშავებელი მრეწველობა. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში. 

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

3. ეროვნული ვალუტის კურსი 

გასული კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა.

29 თებერვლის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.7905 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევრო 3.0782 ლარი. ლარის დოლართან მიმართებით გამყარების მიზეზებს შორის სახელდება: ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, არარეზიდენტები, უცხოელი ინვესტორების მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა, ექსპორტის ზრდა, ფულადი გზავნილების ზრდა, ტურისტების ზრდა.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2020 წლის განმავლობაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში იქნება. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 8.4%-ით შემცირდა. 2019 წლის დეკემბერში საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 4,137,012,000 ლარამდე გაიზარდა, იანვარში კი, ის 347 მილიონი ლარით, 3,789,584,000 ლარამდე შემცირდა

4. საწვავი 5-7 თეთრით გაიაფდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოს საცალო ქსელში საწვავი 5-7 თეთრით გაიაფდა.

გაიფების ძირითადი მიზეზი არის გლობალურ ბაზრებზე ნავთობზე ფასის შემცირება. ,,კორონავირუსის მკვეთრი გავრცელების გამო, აზიაში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა, რაც საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო ტრანსპორტის გადაზიდვების კლებას, ასევე ქარხნების მიერ საკუთარი წარმოების მოცულობის შემცირებას უკავშირდება.’’ ხოლო საწვავის ფასის შემცირების მეორე მიზეზი ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების ტენდენციაა.

5. საპრივატიზაციო ობიექტებისა და "საპარტნიორო ფონდის" პროექტების მომავალი:
 
გასული კვირის განმავლობაში სახელმწიფო ობიექტების პრივატიზებისა და "საპარტნიორო ფონდის" კუთვნილი პროექტების გასხვისებისა თუ მათი მთავრობისთვის დაბრუნების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

დაანონსებული ცვლილებები ასეთია:

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" - 2019 წლის დეკემბერში "საპარტნიორო ფონდმა" სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აუქციონზე გამოიტანა და ინვესტორს ეძებდა, რომელიც დაინტერესდებოდა გრძელვადიანი იჯარით (წლიურ იჯარაში - $3 მილიონი), ან სრულად შესყიდვით ($37.6 მილიონი). აღნიშნული აუქციონი წარუმატებლად დასრულდა, რის გამოც, "საპარტნიორო ფონდი" ობიექტს აუქციონზე ხელახლა გამოიტანს

ქუთაისის პარლამენტი - მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას, რომელიც დღემდე უფუნქციოდ არის, ყიდის. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის პრივატიზება მისი ღირებულებიდან გამომდინარე, მარტივი არ იქნება. მისი თქმით ობიექტი საკმაოდ ძვირადღირებული შენობაა, რომელიც ბიუჯეტს 300 მლნ-ზე მეტი დაუჯდა.

საქართველოს რკინიგზა - ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2020", ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რკინიგზასთან მიმართებით ისაუბრა, მისი თქმით სახელმწიფოს შეუძლია სხვადასხვა კონფიგურაციის საპრივატიზებო პაკეტი შექმნას, მათ შორის სრულად შეინარჩუნოს საკუთრება რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე, ხოლო მისი მართვა ან ტვირთების გადაზიდვა კერძო ოპერატორებს გადააბაროს.

ივანე მაჭავარიანის ამ განცხადების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განცხადა, რომ მთავრობა საქართველოს რკინიგზის გაყიდვას არ გეგმავს და მსგავსი რამ არ განიხილება. საქართველოს რკინიგზა დღეს სახელმწიფოს კუთვნილ საინვესტციო ფონდს "საპარტნიორო ფონდს" ეკუთვნის. 

ნენსკრა ჰესი - 280-მეგავატიანი "ნენსკრა ჰესი" რომელიც სვანეთში უნდა აშენდეს, ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციას საჭიროებს. "ნენსკრა ჰესის" პროექტზე "საპარტნიორო ფონდი" საკუთარ უფლებებს ეკონომიკის სამინისტროს გადააბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს 26 თებერვალს ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს პრივატიზების პროცესის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 27 კომპანიას 9 186 300 დოლარისა და 5 036 107 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრათ.

6. ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“

თბილისში გაიმართა ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“. კონფერენცია ჟურნალ Economist-ისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ყოფილმა ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩმა. 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცერმა კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში ისეთი სექტორული კლასტერების განვითარების პერსპექტივებს, როგორიცაა:დიზაინის, ფილმების წარმოების, ავეჯის, ტანსაცმლის და სხვა მიმართულებები. 

კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე ისაუბრა, ამასთან დადებითად შეაფასა მთავრობის მუშაობა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით. 

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კონფერენციაზე ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე და დაგეგმილ სამუშაოებზე. მან ასევე კურორტების მართვის ახალ მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სსიპ-ების შექმნა და სახელმწიფო ბიუროკრატიის ზრდა მათი ამოცანა არ არის.

ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კერძო ინვესტიციების წილი ქვეყანაში მაღალია. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში პრივატიზების დონე და ტემპები. 

7. გადავადებული ,,შერბილებული საბანკო რეგულაცია’’

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისთვის არსებული ოთხი საშემოსავლო კატეგორიის რაოდენობა ორამდე უნდა შემცირებულიყო, თუმცა შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, სავარუდოდ ვეღარ ამოქმედდება - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისი თქმით ბანკებსა და სებ-ს შორის კვლავ მიმდინარეობს ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალ წესებზე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ შერბილებული რეგულაციები 1 მარტიდან ვერ ამოქმედდება, ალექსანდრე ძნელაძე იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული რეგულაცია მარტის თვეში მოესწრება.

8. ანტიდემპინგური კანონის გადავადება 

ანტიდემპინგური კანონი, რომელიც ძალაში 2020 წლია 1 იანვარს უნდა შესულიყო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს, რომ კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1 ივნისი განისაზღვროს.
ანტიდემპინგური ღონისძიებები კონკურენციის სააგენტომ უნდა აღასრულოს. ამისთვის უწყებას ანტიდემპინგის დეპარტამენტის შექმნა და კადრების დამატება მოუწევს, რისთვისაც მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 422 ათასი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო. კანონის მიღების შემთხვევაში, სამინისტროს პოზიციით, წარსულში დემპინგური ფასების გამო ,,დაზარალებულ’’ კომპანიების კომპენსირებას სახელმწიფო ვერანაირად ვერ მოახდენს.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ანტიდემპინგური ღონისძიებები პირველ რიგში მიმართული იქნება შემდეგ დარგებზე: მეტალურგია, ადგილობრივი ცემენტის თუ სხვა სამშენებლო მასალის წარმოება, აგრარული სექტორი, გადამამუშავებელი ინდუსტრიები და თუ სხვა მიმართულება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, არ არის სასწრაფოდ მისაღები კანონი.


9. ფინანსთა სამინისტრო 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ს ზედმეტობას დააბრუნებს

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით სამინისტრო წელს, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას გეგმავს.

დღგ-ს მთლიან საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი უჭირავს, დაახლოებით 40%, შესაბამისად მნიშვნელოვანია დღგ-ს ნაწილში გატარებული ეფექტიანი საგადასახადო პოლიტიკა.

მიმდინარე კვირაში, ასევე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა იმ მხრივ, რომ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა, სადაც მას სამ საკითხზე უნდა ესაუბრა. 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ დავალიანების გადახდის გრაფიკზე; 2. 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე და 3. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3882wLP; https://bit.ly/2I5kaVO

10. GITA-ს პროგრამის 20 გამარჯვებული სტარტაპერი

GITA-ს თანადაფინანსებით გრანტების პროგრამის 20 გამარჯვებული სტარტაპერი გამოვლინდა. თითოეულ გამარჯვებულს 100 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. საგრანტო კონკურსში ჯამში 173-მა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა.

პროგრამას მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ახორციელდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ვრცლად ამ თემაზე სტატია. გამარჯვებული სტარტაპები.