მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20-26 დეკემბერი: კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

61c8c38b08c05
თელარა გელანტია
26.12.21 23:20
1806
მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა; მეტიც ის დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. უცნობია, რატომ ან სად გააგრძელებს საქმიანობას საკანონმდებლო ხელისუფლების უკვე ყოფილი პირი, მაგრამ ირწმუნება, რომ პარლამენტთან დაკავშირებით „ფანტასტიური გეგმები“ აქვს.

თანამდებობის დატოვების შესახებ, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ დაუწერია, მაგრამ ვიცით, რომ წლის ბოლომდე პოსტს დატოვებს ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე უწყების პირველი პირი ეკატერინე ტიკარაძეც, რომელმაც დღეს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც პრემიერ-მინისტრი და კოლეგა მინისტრები არ მიიწვია და ანგარიში, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ჩააბარა. მასზეც მხოლოდ ის ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში რჩება და ასევე, დღეს კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა - იანვრიდან გავაქტიურდებიო, მაგრამ რომელ ფრონტზე, არ დაუკონკრეტებია.

20-26 დეკემბრის კვირაში ცნობილი გახდა ისიც, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი საჯარო სექტორისთვის უქმედ გამოცხადდა.

რაც შეეხება პანდემიურ ვითარებას, ქვეყანაში უკვე „ომიკრონის“ შტამის 51 შემთხვევაა დადასტურებული. უვადო „მწვანე პასპორტს“ საქართველოს მთავრობა ამ დრომდე არ ცვლის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი covid-მა საქართველოს 13 512 მოქალაქე მოკლა. დღეს პირველად, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატრინე ტიკარაძემ covid-პაციენტების გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზად არა თავად covid-19, არამედ ჰოსპიტალური ინფექცია დაასახელა. დაველოდთ, რა რეაქცია მოჰყვება ეკატერინე ტიკარაძის ამ განცხადებას მომავალი კვირის განმავლობაში, იქამდე კი, გთავაზობთ მიმდინარე კვირის TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. თბილისის მერიის 2 ინიციატივა: აბონემენტების სისტემა საზ.ტრანსპორტში და ცვლილებები პარკირების საფასურში
2. იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა $12,9 მლრდ იყო
3. 11 თვეში მთავრობამ 10,2 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა
4. ნოემბერში საქართველოს 166 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა, მათ $111 მილიონი დახარჯეს
5. რა უნდა შეიცვალოს ზარალიან სახელმწიფო კომპანიებში - IMF-ის შეთავაზება მთავრობას
6. სებ-ის მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები
7. თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზები
8. BAG-ის 3 ინდექსი
9. მთავრობას არბიტრაჟებში იურისტების დაქირავება ბოლო 10 წელში 161 მლნ ლარი დაუჯდა
10. ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 41.7 მილიარდის სესხები აქვთ გაცემული


1. თბილისის მერიის 2 ინიციატივა: აბონემენტების სისტემა საზ.ტრანსპორტში და ცვლილებები პარკირების საფასურში  

მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებები საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა. პირველი გადაწყვეტილება მომავალი წლის თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემის ამოქმედებას შეეხებოდა. ყველაზე დიდი საზოგადოებრივი პროტესტი ერთჯერადი მგზავრობის საფასურის გაორმაგებამ - 1 ლარამდე გაზრდამ გამოიწვია. აღსანიშნია, რომ რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებს სხვა არჩევანიც აქვთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მგზავრობის ხარჯისთვის გარკვეული თანხის წინასწარ გადახდა და აბონემენტების შეძენა, რომლის ფასი ასეთია: ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი - სამი ლარი, ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი - 20 ლარი, ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი - (40 ლარი, ულიმიტო, სამთვიანი ბარათი - 100 ლარი; ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი - 150 ლარი; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი 250 ლარი.

მეორე ხმაურიანი ინიციატივა, რომელიც მიმდინარე კვირაში ასევე თბილისის მერიას უკავშირდება პარკირების საფასურს უკავშირდება. თბილისის საკრებული დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების ახალ პაკეტებს მომავალ კვირას დაამტკიცებს. როგორც თბილისის მერიაში BMG-ს განუმარტეს, ერთი საათის განმავლობაში ავტომობილის ზონალური პარკირების ტერიტორიაზე გაჩერება ისევ 1 ლარი ეღირება და ასევე, აღნიშნულ არეალთან მაცხოვრებლებს ისევ უფასოდ შეეძლებათ ავტომანქანის განთავსება. გარდა ამისა, ძალაში რჩება წლიური 50 ლარიანი გადასახადი არაზონალური პარკირების ტერიტორიაზე. რაც შეეხება ცვლილებებს, ახალი სისტემა 5 სატარიფო პაკეტს მოიცავს. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალში ავტომობილის წლიურად ულიმიტოდ გაჩერება 800 ლარი ეღირება; 6 თვე - 500 ლარი, 1 თვე - 300 ლარი, ერთი კვირა - 100 ლარი და ერთი დღე 20 ლარი.

2. იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა $12,9 მლრდ იყო

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 822.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1%-ით მეტია.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ საქონლის ექსპორტით $3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზებით ქვეყანამ $750 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის ექსპორტის მოცულობაც $417 მილიონია, ხოლო მესამე ადგილზე ფეროშენადნობებია $415 მილიონით.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ნოემბერში საქართველოს იმპორტმა $9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 24.5%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის იმპორტი გაზრდილია.

3. 11 თვეში მთავრობამ 10,2 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტრომ 2021 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ 10.2 მილიარდი ლარის გადასახადები მიიღო, რაც საგადასახადო გეგმის 92.2%-ია. წლის ბოლომდე დარჩენილ დროში მთავრობა კიდევ 900 მილიონის გადასახადების მობილიზებას გეგმავს, 11 თვის მდგომარეობით კი საგადასახადო შემოსავლები ასე ნაწილდება:

• დამატებული ღირებულების გადასახადი - 4,42 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 93%;
• საშემოსავლო გადასახადი - 3,15 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 93%;
• აქციზის გადასახადი - 1,63 მილიარდი ლარი, წლის გეგმის 90.5%;
• მოგების გადასახადი - 935 მილიონი ლარი, წლის გეგმის 98%;
• იმპორტის გადასახადი - 79,5 მილიონი ლარი, წლის გეგმის 99%.

4. ნოემბერში საქართველოს 166 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა, მათ $111 მილიონი დახარჯეს

მიმდინარე კვირაში ნოემბრის ტურისტული სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში სულ 166,565 ვიზიტორი იმყოფებოდა. ეს წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტია, თუმცა ტურიზმი 2019 წელთან მიმართებით კვლავ დაბალ ნიშნულზეა, რადგან 2019 წლის ნოემბერში საქართველოს 543,000 ვიზიტორი სტუმრობდა. თუკი 2019 წელს შევადარებთ ნოემბრის მონაცებს, დავინახავთ, რომ ის 69.3%-ით უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ტურიზმი 2019 წელთან მიმართებით 30.7%-ით აღდგა.

ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ფინანსური შეფასებაც, მისი მიხედვით, ნოემბერში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა 111 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 760%-ით მეტია. ჯამურად, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო. მათ შორის შემოსავალი პიკური შემოსავალი ივლისში იყო და $205 მილიონს შეადგენდა.

5. რა უნდა შეიცვალოს ზარალიან სახელმწიფო კომპანიებში - IMF-ის შეთავაზება მთავრობას

ის, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვაში რადიკალური ცვლილებებია საჭირო, ამის შესახებ დონორები მთავრობას არაერთი წელია აფრთხილებენ. რამდენიმე წლის წინ, კონკრეტული ცვლილებების გატარების ვალდებულება საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინა პროგრამის ფარგლებშიც აიღო. მაშინ მეტი აქცენტი ფინანსური შედეგების აღრიცხვასა და გამჭვირვალობაზე გაკეთდა, თუმცა მთავარი საკითხი, რაც საწარმოების არამდგრადი ფინანსური შედეგები იყო, უცვლელად დარჩა.

მიმდინარე კვირაში IMF-მა გამოაქვეყნა რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის პროგრამა უნდა წარიმართოს.

მთავრობას სახელმწიფო კომპანიებისთვის სესხის გარანტორობა უნდა აეკრძალოს - ასეთია IMF-ის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. გარდა ამისა, სავალუტო ფონდის დოკუმენტში საუბარია იმაზეც, თუ რა უნდა შეიცვალოს ზარალიან სახელმწიფო კომპანიებში. რეფორმის მიხედვით, მთავრობამ უნდა შეზღუდოს კვაზი-ფისკალური აქტივობები ან მათი განხორციელების შემთხვევაში კომპანიას შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა გადაუხადოს. რეფორმა მამხილებლის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და მისი უფლებების დაცვის შესახებაც მოიცავს ჩანაწერებს.

6. სებ-ის მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები

მიმდინარე კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა. დოკუმენტის საბაზისო სცენარის თანახმად, მომდევნო წელს საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ზე არის პროგნოზირებული. ეს შეფასება მთავრობის პროგნოზთან შედარებით უფრო კონსერვატიულია, რადგანაც 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი, რომლითაც საქართველოს მშპ-მ მომდევნო წელს 64.8 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.

ამასთან, დოკუმენტის საბაზისო სცენარის თანახმად, მომდევნო წელს ქვეყანაში წლიური ინფლაცია 7%-მდე შემცირდება, რის პარალელურადაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს.

ეროვნული ბანკი 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. 2023 წლისთვის კი სებ-ი 5%-იან ინფლაციას მოელის, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი, დამატებით 7%-მდე შემცირდება.

7. თიბისი კაპიტალის განახლებული პროგნოზები

თიბისი კაპიტალმა მიმდინარე კვირაში განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. „2021 წლის ეკონომიკის 10.8%-იანი გადატვირთვა დივერსიფიცირებულია“, - წერია ანგარიშში.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის თანახმად, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა - 5,5%, ინფლაცია კი 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ასევე, მოსალოდნელია ლარის კურსის 5%-იანი გაუფასურება, 2019 წელთან შედარებით კი ტურიზმის 75%-იანი აღდგენაა მოსალოდნელი.

პუბლიკაციის თანახმად, 2021 წელს ტურისტული შემოდინებები, 2019 წელთან შედარებით დაბალია. საერთაშორისო მასშტაბით, ყველაზე დიდი დრო ბიზნეს მოგზაურობის აღდგენას დაჭირდება.

8. BAG-ის 3 ინდექსი

მიმდინარე კვირაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ სამი ინდექსი გამოაქვეყნა.

BAG ინდექსი: ბიზნესკლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს. გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს. „მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის განმავლობაში, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი უმჯობესდება და ეტაპობრივად უახლოვდება პრეპანდემიურ მდგომარეობას“, - წერია ანგარიშში.

BAG ინდექსი: ლარის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია. „2021 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნესსაქმიანობის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა სახელდება. აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 65% ასახელებს, თუმცა საყურადღებოა, რომ 2021 წლის II კვარტლის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო კომპანიების წილმა, რომლებიც ამ ფაქტორს უმთავრეს პრობლემად მიიჩნევენ (მეორე კვარტალში დაასახელა 76%-მა). ეს კლება თანხვედრაშია ბიზნესის მიერ ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილების მოლოდინთან: 2021 წლის II-IV კვარტლებში 29%-დან 42%-მდე იმატა იმ კომპანიების წილმა, რომლებიც გაცვლითი კურსის უცვლელ დონეზე შენარჩუნებას პროგნოზირებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

BAG ინდექსი: გამოკითხულ კომპანიათა 60%-ზე მეტი თვლის, რომ პოტენციურ დასაქმებულებს არასაკმარისი ცოდნის დონე აქვთ. გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილის აზრით, პოტენციურ დასაქმებულებს შორის არასაკმარისი ცოდნა სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს, ხოლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.

9. მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავება ბოლო 10 წელში 161 მლნ ლარი დაუჯდა

გადასახადის გადამხდელებს მთავრობის მიერ არბიტრაჟებში იურისტების დაქირავება ბოლო 10 წელში 161 მლნ ლარი დაუჯდა. აღნიშნული ინფორმაცია BMG-იმ იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა. გარდა ამისა, ჩვენ მიერ მოპოვებული სტატისტიკური მასალა მოიცავს ინფორმაციას ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწყებული საარბიტრაჟო დავის რაოდენობაზე, ნაწილობრივის დავაში მოსარჩელე მხარის ვინაობაზე და ასევე დავის შედეგზე - წააგო/მოიგო თუ მორიგებით დასრულდა დავა (თუკი დასრულებულია დავა).

აღსანიშნია, რომ მიმდინარე კვირაში იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა შეტყობინება, რომ 2022 წელს საარბიტრაჟო და საერთაშორისო დავებში იურისტების დაქირავებაზე 40 მილიონ ლარს დახარჯავს. იურიდიულ მომსახურებას სახელმწიფო გამარტივებული წესით ყიდულობს.

10. ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 41.7 მილიარდის სესხები აქვთ გაცემული 

საქართველოს საბანკო ასოციაციის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქართული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების ჯამი 41.7 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს თანხა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია, ხოლო თუკი დაკრედიტების მოცულობას ოქტომბრის მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ნოემბერში ქვეყანაში კრედიტების ნაშთი 0.7%-ით შემცირდა, თუმცა ეს კლება გამოწვეულია იმით, რომ ნოემბერში ლარი გამყარდა, რამაც უცხოურ ვალუტაში გამოსახული კრედიტების ნაშთი შეამცირა, კურსის ეფექტის გამო კი მთლიანი საკრედიტო პორტფელიც მცირედით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები