იურიდიული კომპანია BLC Law-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, აშშ-ში პრეზიდენტის ცვლილება საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკას არ შეცვლის.
როგორც ქეთი ქვარცხავამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა ფიქსირდება, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება აშშ-ს არცერთი ადმინისტრაციის პირობებში არაა მოსალოდნელი.
“რამდენიმე თვის წინ საქართველოში აშშ-დან ორპარტიული დელეგაცია იყო ჩამოსული, რომლებიც როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების პარტიისგან იყო შემდგარი, საკმაოდ მაღალი რანგის მაღალჩინოსნებისგან. მათი გზავნილი ძალიან კონკრეტული იყო, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესების მიმართ არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რა შედეგები მოჰყვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს. შესაბამისად, არ მგონია, რომ აშშ-ში პრეზიდენტის ცვლილება საქართველოს მიმართ პოლიტიკას შეცვლის. აშშ-ს პოლიტიკა დგას იმაზე, რომ მათი მთავარი მიზანია, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ხორციელდებოდეს ისე როგორც ეს უნდა იყოს განვითარებულ, დემოკრატიულ სისტემაში. ჩვენთან პროცესები დემოკრატიულს უკვე აღარ ჰგავს, თუნდაც დღეს არსებული საპროტესტო აქციის დაშლის და ძალადობის ფონზე”, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.
BLC Law-ს მმართველმა პარტნიორმა ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.
“ეს პრაქტიკულად პოლიტიკური განაცხადია, რომ უახლოესი 4 წლის განმავლობაში საქართველო არ აპირებს აქტიურად განახორციელოს ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამბობენ, რომ გავატარებთ რეფორმებსო, თუმცა მე პირადად არ მაქვს ამისი იმედი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ნაბიჯია საქართველოს განვითარებისთვის, ყველა მოქალაქისთვის, საინვესტიციო გარემოსთვის”, - აღნიშნა ქეთი ქვარცხავამ.
ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ 20 იანვრის, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს ურთიერთობები აშშ-სთან და ევროკავშირთან გადაიტვირთება.