"მმართველი პარტიის მხრიდან იმდენად გამწვავდა რიტორიკა, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ესაუბრები, ისე ვესაუბრებით ახლა ჩვენ აშშ-ს" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
როგორც ის ამბობს, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე სანქციების დაწესებამდე დადებითი შემოთავაზებები ისმოდა, მათ შორის მოლაპარაკებების გამართვის სურვილი, თუმცა ცხადია, ეს არ შედგა.
"ეს არის ქვეყნებს შორის კომუნიკაციის ესკალაციის ერთ-ერთი გზა. ეს არის გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის. ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა იქამდე, რომ არამეგობრულ სახელმწიფოებს რასაც უნიშნავენ, ეს არის სანქციები, სწორედ ამ სახელმწიფოების რიცხვში მოვექეცით. ეს როგორც წესი, გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობა გამწვავდა. ინდივიდუალური პირები, რომლებიც სანქციების ქვეშ ხვდებიან, ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს. ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული კრიზისი შეიქმნა და ეს არის პასუხი, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს გზავნილი ცალსახად გამოხატოს.
პირდაპირ სანქციებს არავინ არ აწესებს. ამას წინ უძღოდა საკმაოდ სერიოზული კომუნიკაცია. იყო შემოთავაზება, რომ მოლაპარაკებები გამართულიყო იმისთვის, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო. ბევრი რამ იდო მაგიდაზე, თუმცა ყველაფერზე უარი მიიღეს. უარის ფორმასაც ხომ გააჩნია, იმდენად მოხდა რიტორიკის გამწვავება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ესაუბრები, ისე ვესაუბრებით ახლა ჩვენ აშშ-ს. ძალიან მძიმე ფონი აჩვენა. სანქციებიც ეტაპობრივია. თავიდან არის სავიზო შეზღუდვები, შემდეგ ხალხის რაოდენობაც იზრდება, მერე გადადის საფინანსო შეზღუდვებზე და ა.შ.. ჩვენ მოვისმინეთ გზავნილი, რომ დრო ჯერ კიდევ არის, ეს არის მხოლოდ დასაწყისი და შეგვიძლია, სიტუაცია გავაუმჯობესოთ და სიტუაცია შეიცვალოს", - ამბობს საბანაძე.