2016-2018 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი წუხს, რომ 2015 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ვერ შეძლო საკუთრების უფლების დაცვის ადმინისტრაციული წესის ანუ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის შენარჩუნება.
საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გააუქმა და შედეგად, აღსრულება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტი დროც სჭირდება.
ზურაბ ძნელაშვილი ბიზნესომბუდსმენის აპარატში 2013 წლიდან ანუ იმ დროიდან მუშაობდა, როცა ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გააუქმა. მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და მისი გუნდი აღნიშნულის წინააღმდეგი იყო, რადგან მიაჩნდათ, რომ ამით ქვეყანაში საკუთრების უფლება ირღვეოდა.
„იცით, რა არის უცნაური?! საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ბინაში უკანონოდ შესვლა დანაშაულია, მაგრამ არგამოსვლა არაა დანაშაული. ეგეთი რამე გაგიგიათ?!“ - რიტორიკულ კითხვას სვამს ზურაბ ძნელაშვილი.
„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, რომელიც პროფესიით იურისტია, ისაუბრა გამოსვლის გზებზეც - როგორ შეიძლება ქვეყანაში კერძო მესაკუთრის უფლებები იყოს დაცული.
„თუ სხვისი ბინის/სახლის კარებს შეაღებ და უკანონო დაიკავებ ქონებას, დანაშაულია და ამაზე შსს-ს შეუძლია რეაგირება - გამოსახლების უფლებაც აქვს, თუმცა თუ შენ ქირის ან იჯარის ხელშეკრულებას გაუფორმებ პირს და ვადის გასვლის შემდეგ, მოითხოვ, დატოვოს შენი საკუთრება ან აღმოჩნდა, რომ აღარ გიხდის ქირას, მაგრამ თავისი ნებით არ გამოდის ბინიდან, მესაკუთრე ვალდებულია, წავიდეს სასამართლოში და იქ იჩივლოს... მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა სასამართლოში.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი? - შეიძლება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოვაცხადოთ ეს ქმედება ანუ უკანონოდ სხვის ქონებაში ყოფნა. როგორ შეიძლება, რომ საკუთრების ხელყოფა არ იყოს სამართალდარღვევა საქართველოში?! უკანონოდ შესვლა თუ დანაშაულია, არგამოსვლა რატომ არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, როცა მართლზომიერი მესაკუთრის უფლებები ირღვევა?!
მოკლედ, ასეთი ქმედება უნდა გამოცხადდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, პოლიციამ შეადგინოს ოქმი, სასამართლომ განიხილოს და როცა მოსამართლე დარწმუნდება, რომ პირი უკანონოდ რჩება საკუთრებაში, დააჯარიმოს, მაგრამ ასევე, მოსამართლეს გამოსახლების ბერკეტი უნდა ჰქონდეს. პრობლემის გადაჭრის მეორე გზა შეიძლება იყოს საქმის გამარტივებული წარმოება - ორი ინსტანციით“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.
ინფორმაციისთვის: უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლებმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე მოითხოვეს, მათ შორის 2022 წელს, როცა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, საქართველოში მიგრანტების რიცხვი გაიზარდა და გახშირდა შემთხვევები, როდესაც პირებს ბინებს ქირაობდნენ, შემდეგ კი ქირას/იჯარას არ იხდიდნენ, მაგრამ არც სხვის საკუთრებას ტოვებდნენ. კანონიერ მფლობელს კი უფლება არ ჰქონდა, ისინი ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესით გამოეყვანა საკუთარი სახლიდან.
2023 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ აღსრულების ბიურო მუშაობდა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც კანონიერი მესაკუთრეები უნდა დაეცვა. BMG-ის არქივი ინახავს უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სამინისტრო აპირებდა, საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ კანონპროექტი პარლამენტისთვის 2024 წლის გაზაფხულზე წარედგინა, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში, ჯერჯერობით, არ შესულა.
BMG აღნიშნულ თემას იუსტიციის სამინისტროსა და „ოცნების“ პარლამენტში მოიკითხავს.