დღეს, დედაქალაქის მთავრობის 2024 წლის პირველი სხდომა ჩატარდა. მერმა სხდომის საჯარო ნაწილი საახალწლო ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული პირებისა და კომპანიებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
„საახალწლო სოფლის“ შენებაში გაწეული უდიდესი წვლილისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „საქართველოს ბანკი“, „კოკა-კოლა“ და „ვისოლ ჯგუფი“. მადლობა კერძო კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებების იერსახის შექმნაზე იზრუნეს", - თქვა მერმა.
სამადლობელი სიტყვის შემდეგ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის დედაქალაქის ბიუჯეტზე, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობაზე, საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდაზე და სამშენებლო წესების დარღვევისას ჯარიმების გამკაცრებაზე. სხდომის დასრულების შემდეგ კი თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უპასუხა ჟურნალისტებს, რომელთა შესრულება და დაწყება წელს იგეგმება.
bm.ge გთავაზობთ საკითხების, პროექტებისა და გადაწყვეტილებების ჩამონათვალს რაზეც დღეს, თბილისის მთავრობის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს:
2024 წელს თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 1.96 მილიარდ ლარს მიაღწევს.
- თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით იზრდება და რეკორდულ ₾2 მილიარდს მიაღწევს - 2023 წლის 15 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი 1.76 მილიარდი ლარის ოდენობით, თუმცა როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა, გასულ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რის გამოც წელს ბიუჯეტს 100 მილიონი ლარი გადმოჰყვა, ასევე 100 მილიონი ლარი არის გადმოსული სხვადასხვა პროექტის ათვისების ბიუჯეტიდან, რომელთა შესრულებაც წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა 200 მილიონი ლარით იზრდება.კალაძის თქმით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 95%-ია. საშემოსავლო ნაწილი კი, 100 მლნ ლარით აჭარბებს მაჩვენებელს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში თებერვალში აისახება და მასზე საკრებულო იმსჯელებს.
-
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში ახალი საჯარო ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება. მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე, თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კალაძის ინფორმაციით, 2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება
- ხელფასების ზრდა - თბილისის საჯარო ბაღების 11 188 თანამშრომელს მიმდინარე თვიდან ხელფასი 15%-ით გაეზრდება, ასევე, ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს.
- კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 25 000 ლარიდან 250 000 ლარამდე გაიზრდება - კანონი ძალაში 11 იანვარს შევა.
ახალი კანონის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის;
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: - III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა).
ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის.
კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).
- ბაგები ქავთარაძის ქუჩას ხიდით და გვირაბით დაუკავშირდება - იანვრის ბოლოს დასრულდება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა. ამასთან, თბილისის მერია ახალ საგზაო - ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს და ტენდერი გამოცხადდება. საუბარია პროექტზე, რომლითაც ბაგები საბურთალოს ხიდის, შემდეგ კი, გვირაბის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მშენებლობა კი, დაწყებიდან 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
პროექტი პირველად ნოემბრის დასაწყისში დედაქალაქის მერმა დააანონსა.
- რუსთაველის რეაბილიტაცია - დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, 2024 წელს რუსთაველის გამზირზე საგზაო სამუშაოები დაგეგმილი არ არის, მხოლოდ შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება. მისივე თქმით, პროექტზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციის შესახებ, პირველად კახა კალაძემ 2023 წლის 15 ნოემბერს ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება.
- იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება - ირაკლი ბენდელიანის თქმით, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. დარჩება მხოლოდ მცირე სახის სამუშაოები. მოძრაობა კი, შეუფერხებლად განახლდება.