"ბუნებრივია, [ეკონომიკის განვითარების] ბანკის პრაქტიკის ნაწილიც იქნება კრედიტების გაცემა" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვას - იქნება თუ არა დაკრედიტება ბანკის საქმიანობის ნაწილი.
„კრედიტებს გასცემენ კონკრეტული ინსტიტუციები, რომლებიც მათ შორის ამ ბანკში იქნებიან გაერთიანებული, ბუნებრივია ამ ფორმით გაგრძელდება ამ ბანკის ფუნქციონირებაც. ბუნებრივია, კრედიტების გაცემა უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკაა და ბუნებრივია, ბანკის პრაქტიკის ნაწილიც იქნება კრედიტების გაცემა“, - განაცხადა კობახიძემ.
BMG-მ კობახიძეს დაუზუსტა, რომ „აწარმოე საქართველოში“, რომელიც დღეს გაცხადებული ინფორმაციით, „საქართველოს განვითარების ფონდს“ შეერწყმება, კრედიტებს არ გასცემს და მისი საქმიანობა კრედიტების სესხის პროცენტის სუბსიდირებით განისაზღვრება. ამაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ინსტიტუციური რეფორმის დასრულების შემდეგ ბანკის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენდა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ეკონომიკის განვითარების ბანკმა“, შესაძლოა, ენერგოპროექტებიც დააფინანსოს. ირაკლი კობახიძე BMG-ის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ბანკი „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ანალოგიური ფორმით იმუშავებს.
ირაკლი კობახიძის მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს საჭიროებს, რასაც პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.
7 თებერვალს ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება განმარტა და განაცხადა, რომ "საქართველოს განვითარების ფონდის" და პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შეერწყმება და ის ეკონომიკის განვითარებისთვის ბანკის მსგავს ფუნქციებს შეასრულებს. მარიამ ქვრივიშვილმა კი 9 თებერვალს აღნიშნა, რომ ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა აქცენტი იმ სექტორებზე გაკეთდება, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის ფულადი სახსრების მეტად მიმართვა.
ცნობისთვის: "საქართველოს განვითარების ბანკის” შექმნის ინიციატივა "ქართული ოცნების" მთავრობას 2014 წელსაც ჰქონდა - შესაბამისი კანონპროექტი 2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა, მაგრამ კანონპროექტი კანონად ვერ იქცა.




























