შავი ზღვის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე IBSU-ს ხელმოწერა უკან გამოიწვიეს.
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, 14 მაისს, განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, მასზე ხელმოწერა უკან გამოიწვია "კავკასიის უნივერსიტეტის" მმართველთა საბჭომაც, რომელთა განცხადებითაც, CU-ს ხელმოწერა საბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ორივე უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელიაა, რომელმაც BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მიუხედავად რექტორების განცხადებაზე ხელმოწერისა, მას "რუსულ კანონთან" დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია და მიიჩნევს, რომ მოქმედმა მთავრობამ მოქალაქეების ხმა ყოველთვის უნდა გაიგოს, თუმცა უნივერსიტეტი გაფიცვას ემიჯნება.
მანამდე კი "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის (ყოფილმა) დეკანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი უნივერსიტეტის რექტორმა, 7 მაისს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც კახა შენგელია უარყოფს.
ამ დრომდე "კავკასიის უნივერსიტეტი" 18-მა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი - 1-მა ლექტორმა დატოვა.