მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალია იმის შანსი, რომ საპენსიო სააგენტოს მმართველობით საბჭოში დამოუკიდებელი და პროფესიონალი კადრები მოხვდნენ - ხიშტოვანი

საპენსიო სააგენტო

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შესული ცვლილებების თანახმად, საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურა იცვლება. შედეგად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, საბჭოს წევრების შერჩევის უფლებამოსილების მთავრობაზე გადასვლის და ზოგადად, ქვეყანაში განვითარებული პროცესების ფონზე, ნაკლებსავარაუდოა, რომ საბჭო დამოუკიდებელი და პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტდეს.

„მიღებული ცვლილებების თანახმად, იზრდება მთავრობის ერთპიროვნული როლი საპენსიო სააგენტოს ახალი მმართველობითი სტრუქტურის ფორმირებისას, პარლამენტის და ზოგადად დამოუკიდებელი ერთეულების როლი ამ პროცესში კი იზღუდება. შესაბამისად, გაზრდილია რისკი, რომ ამ საბჭოში „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების შერჩევა მოხდეს და შანსი იმის, რომ იქ დამოუკიდებელი და პროფესიონალი კადრები მოხვდნენ, ძალიან დაბალია. ერთი იმიტომ რომ საერთაშორისო პროფესიონალებისთვის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირება არასასურველი იქნება, მეორე მხრივ, კი ბევრი ქართველი პროფესიონალი ბევრჯერ დაფიქრდება, სანამ გადაწყვეტს, ამ საბჭოში შევიდეს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, "დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა სადავო ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს "საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა" უწოდა და "არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო". ამის შემდეგ კი კანონში ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევიდა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები