დღეიდან, რუსეთმა ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს.
მიზეზად, გაზაფხულსა და ზაფხულში საწვავზე მოთხოვნის ზრდის დარეგულირება სახელდება. კრემლის განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი ფერმერების მოთხოვნაა, ხვნა-თესვის სამუშაოების დროს არ გაიზარდოს ნავთობპროდუქტების ფასი.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი, რუსეთის ფედერაციაა. ამას ცხადყოფს, როგორც წლიური, ისე 2024 წლის იანვრის ოფიციალური სტატისტიკაც. რუსეთის გარდა, ქართულ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს საწვავი სხვა ქვეყნებიდანაც შემოაქვთ. მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ 80.3 მლნ დოლარის ღირებულების 98 944 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის 46.1% სწორედ რუსულ ნავთობზე მოდიოდა.
რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 166 მილიონი დოლარის ღირებულების 1 418 191 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შევიძინეთ, რაც 2022 წლის რიცხვებს ღირებულებით 12.5%-ით, ხოლო მოცულობით 6.5%-ით აღემატება. იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 47.3% რუსეთზე მოდიოდა.
BM.GE-მ საქსტატიდან უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიების TOP-10-ეულიც გამოითხოვა. ესენი არიან: სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია; შპს ლაგუნა; შპს ლუკოილ-ჯორჯია; შპს პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია; შპს რომპეტროლ საქართველო; შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი; შპს ჯე ტრეიდ; შპს ჯორჯიან პეტროლიუმი.