PMCG-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური კლიმატის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით დადებითად შეაფასეს - კვლევის მიგნებებსა და შედეგებზე "ანალიტიკასთან" PMCG-ის მკვლევარი, გოჩა ქარდავა საუბრობს.
ქარდავა აღნიშნავს, რომ მოლოდინები, II კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, თუმცა 2023 წლის III კვარტალის მდგომარეობას კვლავ ჩამორჩება.
"მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, როგორც მოლოდინები, ასევე მიმდინარე მდგომარეობა, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ეს მაჩვენებელი წინა წლის მესამე კვარტალს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.
მეორე კვარტალი საკმაოდ ტურბულენტურ პოლიტიკურ სიტუაციას დაემთხვა, შესაბამისად, მოლოდინები კარგად არ იყო ჩამოყალიბებული. როდესაც მოლოდინები კარგად არაა გარკვეული, მაშინ ის ყოველთვის არის ნეგატიური, რადგან ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობა. სწორედ ამ ფაქტორის შემცირებამ და ტურბულენტობიდან გამოსვლამ განაპირობა, რომ ეკონომისტების პროგნოზი მომდევნო 6 თვისთვის გაუმჯობესდა", - აღნიშნავს გოჩა ქარდავა.
კვლევის თანახმად, მიუხედავად გასული კვარტალის შედეგების გაუმჯობესებისა, ქართველი ეკონომისტები მცირედით პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას, მათი მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ კი ნეგატიურია.
ქარდავა განმარტავს, რომ მოახლოებული არჩევნების ფაქტორი ეკონომისტთა მოლოდინებზე ახდენს გავლენას, რის გამოც ზუსტი მოლოდინების ჩამოყალიბება რთულია.
"ტურბულენტობიდან გამოსვლაში ვგულისხმობთ იმას, რომ მეორე კვარტალში რუსულ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან სერიოზული არეულობა, პოლიტიკური არასტაბილურობა - არაპროგნოზირებადი პერიოდი იყო, პროგნოზის გაკეთება იყო საკმაოდ რთული. ახლა ეს მაჩვენებელი შედარებით უკეთესია, მაგრამ წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს და ამ ფაქტორის გავლენა მაინც რჩება.
მთავარი ფაქტორი ისაა, რომ არ არის ჩამოყალიბებული მოლოდინები. ეს რთულია, როდესაც წინ გაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნები და არ იცის, ამის შემდეგ როგორ წარიმართება მოვლენები, სწორედ ამიტომ ქმნის არჩევნები დაძაბულობას", - განმარტავს PMCG-ის მკვლევარი.
III კვარტალში ეკონომისტებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით დადებითად შეაფასეს - PMCG
პოლიტიკური არასტაბილურობა, ემიგრაცია... – რომელი ფაქტორები მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე?