საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ზოდების რეალიზაცია 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. 2024 წლის განმავლობაში სებ-ის მიერ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ოქროს მოცულობის შესახებ ცნობილი სებ-ის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშიდან გახდა. დოკუმენტის თანახმად, "სამახსოვრო მონეტებისა და არამონეტარული ოქროს ზოდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი" გასულ წელს 429 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 36-ჯერ მეტია. სებ-ის თანახმად, გასულ წელს მათ 2,384 ოქროს ზოდი გაყიდეს.
ეროვნული ბანკის განმარტებით, მათ ოქროს ზოდების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ზოდებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დაიწყეს. BMG-იმ სებ-ს ოქროს რეალიზაციასთან დაკავშირებით კითხვით ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში მიმართა, რა დროსაც სებ-ში განგვიცხადეს, რომ მთლიანობაში მათ მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ოქროს ზოდები 529 მომხმარებელმა შეიძინა, ტრანზაქციების ჯამი კი 947-ს შეადგენდა. აღნიშნული ტრანზაქციების სრული მოცულობის (429 მილიონი ლარი) შესახებ ცნობილი კი ახლა, სებ-ის მიერ 2024 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შედეგად გახდა.
"მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ორი ტიპის ოქრო: მონეტარული ოქრო, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აქტივს წარმოადგენს და საინვესტიციო ოქრო, ოქროს სერტიფიკატებისა და საინვესტიციო ზოდების სახით.
ბოლო წლებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა და მოთხოვნაც მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა.
საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასი ვოლატილურია და შესაბამისად მისი ღირებულება თვიდან თვემდე იცვლება, რაც ბუნებრივი მოვლენაა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ოქროზე მოთხოვნა მზარდია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღემდე ოქროს ზოდები 529 მომხმარებელმა შეიძინა, რომლებმაც 947 ტრანზაქცია განახორციელეს,"- ნათქვამი იყო 2024 წლის დეკემბერში ამ საკითხთან დაკავშირებით სებ-ის პასუხში.
2024 წელს ოქროს ღირებულება მკვეთრად გაიზარდა - თუკი 1 იანვარს უნცია ოქრო 2,044 დოლარი ღირდა, 31 დეკემბერს ის უკვე 2,640 დოლარი ღირდა, 2025 წლის მაისის მდგომარეობით კი ერთი უნციის ღირებულება უკვე 3,380 დოლარსაც აღწევს. შესაბამისად, ფასის აღნიშნულმა ზრდამ მსოფლიო ბაზარზე ოქროზე დამატებითი მოთხოვნა გააჩინა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა ოქროს რეალიზაციის პროგრამა დაიწყო.
2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სავალუტო რეზერვებში 229,478 უნცია მონეტარული ოქროც დაამატა. ეს ოქრო შესყიდვის დროს 500 მილიონი დოლარი ღირდა, ხოლო უკვე წლის ბოლოს მისი საფასური 599 მილიონი დოლარი იყო, ამჟამად კი მისი ფასი 714 მილიონ დოლარს აღემატება.




























