მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ოფშორების კანონი საქართველოსთვის შესაძლოა, რეპუტაციულად დამაზიანებელი იყოს - დავით პაპიაშვილი

კრესტონ ჯორჯია

„კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის განცხადებით, ე.წ ოფშორების კანონის მიღებამ შესაძლოა, საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

როგორც დავით პაპიაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, გაურკვეველია, რატომ დაწესდა საგადასახადო შეღავათები მხოლოდ ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანაზე და არა ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელთან ურთიერთობაც საქართველოსთვის შესაძლოა, უფრო პრიორიტეტული იყოს.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით დაწესებული საგადასახადო შეღავათები აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ დაწესდება ოფშორული ზონების მიმართ მომავალში რაიმე სხვა ტიპის შეღავათებიც.

„რამდენად სამართლიანია მიდგომა რომ მხოლოდ ოფშორული ზონებიდან შემოსულ აქტივებზე გავრცელდეს ეს შეღავათი, კვლავ არაერთი კითხვის ნიშანია. ისე მივიღეთ ეს კანონი და ისე დავძლიეთ ვეტო, რომ მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ ვრცელდება ეს მაინცდამაინც ოფშორებზე და არ ვრცელდება თუნდაც არაოფშორული ქვეყნიდან აქტივების შემოტანაზე, არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად დისკრიმინაციული მიდგომაა. ოფშორულ ქვეყნებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებამ შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინოს ჩვენი ქვეყნის მიმართ და რეპუტაციულად დამაზიანებელი იყოს. ასევე როდესაც ჩვენ საგადასახადო შეღავათებს ვაწესებთ, ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა სამომავლოდ შეღავათები ფინანსური გამჭვირვალობის მიმართულებით. მაგალითად, ერთჯერადი შეღავათის დაწესება ოფშორული ზონებიდან გადმოტანილი აქტივების წარმომავლობის შესწავლის ნაწილში“, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ ოფშორების კანონზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 29 მაისს დაძლია. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში მიუთითებდა, რომ კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს ISET-ის კვლევითი ცენტრიც. ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ ოფშორების კანონი საქართველოს საგადასახადო ხვრელად ქცევის რისკებს წარმოშობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები