ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინვესტორები საქართველოში აქტივების გადმოტანით დაინტერესდნენ, თუკი მათ გარკვეული გარანტიები არ ექნებათ - ასე აფასებს „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ე.წ ოფშორების შესახებ კანონს.
როგორც დავით პაპიაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შეღავათები ოფშორული ზონიდან ყველა აქტივის გადმოტანის შემთხვევაში გავრცელდება, ორაზროვანია.
მისი თქმით, ბუნდოვანი ჩანაწერის პირობებში, იქმნება იმის რისკი, რომ შემოსავლების სამსახურმა რიგი კომპანიები საქართველოში აქტივის გადმოტანისას მაინც დაბეგროს, რიგი კომპანიების მიმართ კი ლოიალური მიდგომა გამოიჩინოს. შესაბამისად, დავით პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პირობებში ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანით ინვესტორები ნაკლებად დაინტერესდებიან.
„კანონში წერია, რომ ოფშორული ზონიდან ყველა აქტივის გადმოტანა უნდა მოხდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავრცელდება საგადასახადო შეღავათი. თითქოს ეს ტექნიკური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. მაგალითად, ახლა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ორ რეზიდენტ კომპანიას შორის ყველა აქტივის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლებულია. თუმცა სანამ არ განიმარტა, თუ რა ითვლება ყველა აქტივის მიწოდებად, ამაზე ასობით კომპანია დაჯარიმდა.
წარმოიდგინეთ, თუ ქართულ კომპანიებს შორის აქტივის მიწოდების განმარტება პრობლემური საკითხი იყო, ამ შემთხვევაში რა მოხდება. გასარკვევი იქნება, უცხოურ კომპანიას რა აქტივები ჰქონდა, მართლაც ყველა აქტივი შემოიტანა თუ არა. ამიტომ სანამ ეს სათანადოდ არ იქნება კანონმდებლობაში გაწერილი, აქ არაერთი კითხვა და ორაზროვნება გაჩნდება. სანამ ეს ნაწილი არ დაიხვეწება, მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ინვესტორმა, ვისაც გარკვეული გარანტიები არ აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსავლების სამსახური მას ლოიალურად მიუდგება, გარისკოს და აქ მაგალითად, 100 მილიონის ღირებულების აქტივები შემოიტანოს. თუკი ეს არ განიმარტა, ანუ რას ნიშნავს, ყველა აქტივის მიწოდება, შეიძლება მას მიედავონ და საბოლოოდ მაინც დაბეგრონ. ეს ძალიან მარტივი წარმოსადგენია, რადგან როგორც ვთქვი, ასეთი პრაქტიკა უკვე გვაქვს. აქედან გამომდინარე, კითხვები ისმის, ასეთ გაურკვეველ პირობებში მართლა მოხდება თუ არა აქტივების გადმოტანა. ასეთ ორაზროვნებაში ვერ წარმომიდგენია, ინვესტორი ამით დაინტერესდეს, თუ მას გარკვეული გარანტიები არ ექნება“, - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ ოფშორების კანონზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 29 მაისს დაძლია. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში მიუთითებდა, რომ კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ.
აღნიშნულ კანონთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს ISET-ის კვლევითი ცენტრიც. ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ ოფშორების კანონი საქართველოს საგადასახადო ხვრელად ქცევის რისკებს წარმოშობს.