თანამედროვე ბიზნესსამყაროში, სადაც გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ფინანსური ანგარიშგება ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის შეფასების უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ ბლოგში კი დეტალურად განვიხილავთ ფინანსური ანგარიშგების არსს, მის მნიშვნელობასა და ძირითადი კომპონენტებს.
რა არის ფინანსური ანგარიშგება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი
ფინანსური ანგარიშგება ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობისა და მდგომარეობის ფორმალური ჩანაწერია, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდს, მაგალითად, წლის ბოლოს მოიცავს. დოკუმენტში კომპანიის ფინანსური აქტივები და სხვადასხვა დეტალია ასახული, შესაბამისად, ის მოიცავს ინფორმაციას კომპანიის შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის შესახებ, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, ინვესტორებს, კრედიტორებს, მენეჯმენტს, ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობა, მოგებიანობა და ზრდის პოტენციალი შეაფასონ.
კომპანიის ფინანსური ანგარიშგება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ის უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნდობის შესანარჩუნებლად და ინვესტიციების მოსაზიდად.
ამასთანავე, ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტრატეგიული დაგეგმვისთვის, რესურსების განაწილებისთვის და რისკების შეფასებისთვის, მაგალითად, ის ეხმარება ბიზნესს ინფლაციის შედეგების შეფასებაში.
ფინანსური ანგარიშგების სტანდარტიზებული ფორმატი საშუალებას იძლევა, შევადაროთ კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა პერიოდი და ეს ფორმატი კონკურენტებთან შედარების შესაძლებლობას იძლევა. ეს კი აუცილებელია როგორც შიდა ანალიზისთვის, ასევე გარე დაინტერესებული მხარეებისთვის.
ბოლოს, ფინანსური ანგარიშგება ეხმარება კომპანიებს და ინვესტორებს პოტენციური ფინანსური რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში. დეტალური ფინანსური ინფორმაცია საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს პრობლემური სფეროები და მიღებულ იქნეს პრევენციული ზომები.
ფინანსური ანგარიშგების 4 კატეგორია
ფინანსური ანგარიშგება ტრადიციულად შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება და კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება.
ბალანსი ანუ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
ბალანსი, რომელსაც ასევე ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას უწოდებენ, კონკრეტული თარიღისათვის კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მომენტალურ სურათია. ის შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან: აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი.
აქტივები მოიცავს ყველაფერს, რასაც კომპანია ფლობს და რასაც ეკონომიკური ღირებულება აქვს, მაგალითად, ნაღდი ფული, მარაგები, აღჭურვილობა და არამატერიალური აქტივები, როგორიცაა პატენტები. ვალდებულებები წარმოადგენს კომპანიის დავალიანებებს, მათ შორის სესხებს და დავალიანებას. საკუთარი კაპიტალი კი კომპანიის წმინდა ღირებულებაა, რომელიც გამოითვლება როგორც სხვაობა აქტივებსა და ვალდებულებებს შორის.
მოგება-ზარალის ანუ შემოსავლების ანგარიშგება
მოგება-ზარალის ანგარიშგება, რომელსაც ასევე შემოსავლების ანგარიშგებას უწოდებენ, დროის გარკვეული პერიოდისთვის, ჩვეულებრივ ერთი წლის ან კვარტალის განმავლობაში, კომპანიის ფინანსურს შედეგებს ასახავს,. ის აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება შემოსავალი წმინდა მოგებად (ან ზარალად) ხარჯების გამოკლების შემდეგ. ანგარიშგება იწყება შემოსავლებით ან ამონაგებით, რაც კომპანიის მიერ პროდუქტების ან მომსახურების გაყიდვიდან მიღებულ მთლიან თანხას წარმოადგენს. შემდეგ გამოიქვითება სხვადასხვა ხარჯები, მათ შორის გაყიდული საქონლის თვითღირებულება, საოპერაციო ხარჯები, გადასახადები და სხვა. საბოლოოდ, მიიღება წმინდა მოგება (ან ზარალი), რაც კომპანიის საბოლოო ფინანსურ შედეგია.
ფულადი ნაკადების ანგარიშგება
ფულადი ნაკადების ანგარიშგება აჩვენებს, თუ როგორ იცვლება კომპანიის ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები დროის გარკვეულ პერიოდში. ეს ანგარიშგება იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: საოპერაციო საქმიანობიდან ფულადი ნაკადები, საინვესტიციო საქმიანობიდან ფულადი ნაკადები და საფინანსო საქმიანობიდან ფულადი ნაკადები.
საოპერაციო საქმიანობიდან ფულადი ნაკადები ასახავს ფულის მოძრაობას, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ძირითად ბიზნესოპერაციებთან. საინვესტიციო საქმიანობიდან ფულადი ნაკადები მოიცავს გრძელვადიანი აქტივების შეძენასა და გაყიდვასთან დაკავშირებულ ნაკადებს. საფინანსო საქმიანობიდან ფულადი ნაკადები კი გულისხმობს ფულად ნაკადებს, რომლებიც კომპანიის ისეთ დაფინანსებასთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა სესხების აღება ან დაფარვა, აქციების გამოშვება ან გამოსყიდვა. ეს ანგარიშგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის ლიკვიდურობის შესაფასებლად და იმის გასაგებად, თუ საიდან მოდის და სად მიდის კომპანიის ფული.
კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება
კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება, საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, კომპანიის საკუთარ კაპიტალში ცვლილებებს აჩვენებს. ეს ანგარიშგება ასახავს ყველა ტრანზაქციას, რომელიც გავლენას ახდენს საკუთარ კაპიტალზე, მათ შორის წმინდა მოგებას ან ზარალს, დივიდენდების გადახდას, ახალი აქციების გამოშვებას ან გამოსყიდვას, და სხვა სრულ შემოსავალს. ეს კი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება კომპანიის წმინდა ღირებულება დროთა განმავლობაში და რა ფაქტორები ახდენს გავლენას მასზე.
წარმატებული ბიზნესის მართვისთვის აუცილებელია ამ ფინანსური ანგარიშგებების სწორი წაკითხვა, ანალიზი და ინტერპრეტაცია, რაც შესაძლებლობას იძლევა დროულად გამოვლინდეს პოტენციური რისკები თუ შესაძლებლობები და მიღებულ იქნეს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ამდენად, ფინანსური ანგარიშგების ფუნდამენტური ცოდნა და გამოყენების უნარი სასარგებლო იქნება ყველა პროფესიონალისთვის, ვინც ამ სფეროშია ჩართული ან ბიზნესის დაწყებას აპირებს.