მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით, არც ისე ურიგოდ ვსაქმიანობთ ამ შემადგენლობით" - თურნავა სებ-ის საბჭოზე

მიქაბაძე

მიუხედავად იმისა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში არის 4 ვაკანტური ადგილი, საბჭო არის სრულად ქმედუნარიანი და თითოეული წევრი არის აქტიურად ჩართული საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა.

"დღეს, მოგეხსენებათ, რომ 5 წევრით არის დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, კანონი ითვალისწინებს 9-ს, გვაქვს 4 ვაკანსია. 5 ეს არის კვორუმი, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ 5 ვართ და არ ვართ 9, ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო არის სრულად ქმედუნარიანი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული წევრი არის აქტიურად ჩართული თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ვიკრიბებით პერიოდულად, სულ მცირე 2 კვირაში ერთხელ, ვიღებთ საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს. არ არსებობს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით თუ დაკომპლექტების პროცესი გაგრძელდება და ახალი პროფესიონალები შემოგვემატებიან, მაგრამ ეს გადის ჩვენი კომპეტენციის გარეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი რომც გაიწელოს, არაფერი ემუქრება ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გამართულ ფუნქციონირებას და უფრო მეტიც, თუ გადახედავთ ინფლაციის დაბალ დონეს, ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით, არც ისე ურიგოდ ვსაქმიანობთ ამ შემადგენლობით“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, 16 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, რიგგარეშე სხდომაზე, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურასაც უყარონ კენჭი.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოში ვაკანტურ პოზიციებზე საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად მხოლოდ ერთი - ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა და სპეციალურად შექმნილმა კომისიამ სალომე ზურაბიშვილთან 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტს უპასუხეს, რომ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას ოთხივე ვაკანტურ პოსტზე წარადგენს.

IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები