მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის გათეთრების რისკი - 2020 წელს 1,007 საეჭვო ტრანზაქციის შეტყობინება დაფიქსირდა

60c8b3cf44574
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.21 18:15
1007
2020 წელს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში 1,007 საეჭვო ტრანზქციის შესახებ შევიდა შეტყობინება - ამის შესახებ უწყების საქმიანობის ანგარიშში არის საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებების უმეტესობა - 540 - კომერციულ ბანკებში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე 306 შეტყობინებით აზარტული თამაშებისა და ლატარიების სფერო მოდის. 71 განაცხადი გაააკეთეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, 49 კი - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

როგორც უწყების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, მიღებული შეტყობინებებისა და თავად სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შემოსავლების სამსახურს დამატებით შესასწავლად სააგენტოს მხრიდან 85 საქმე გადაეგზავნა. ამ საქმეებს შორის 84 ფულის გათეთრებას ეხება, 1 საქმე კი ტერორიზმის დაფინანსების შესახებ არის.

2019 წელთან შედარებით, უწყების მიერ სხვა ორგანოებისთვის გაგზავნილი საქმეების რაოდენობა 43-ით შემცირდა, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, პანდემიის გამო შემცირებულ საეჭვო ფინანსურ ტრანზაქციებს უკავშირდება.

“2020 წლის მანძილზე სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევების დიდი წილი კიბერდანაშაულზე მოდიოდა, რაც გამოიხატა სხვადასხვა გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციის მცდელობებში. აღნიშნულ შემთხვევებში დანაშაულებრივი აქტივების გადაადგილებისთვის ტრადიციულად გამოიყენებოდა საბანკო ანგარიშები და სწრაფი ფულადი გზავნილები, თუმცა სამსახურის შეფასებით, სულ უფრო ხშირი ხდება ამ მიზნებისთვის სხვადასხვა ელექტრონული საფულეებისა და ონლაინ ტოტალიზატორებში მომხმარებელთა ანგარიშების გამოყენება. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ხორციელდება მომხმარებელთა საბანკო ანგარიშებიდან/ბარათებიდან თანხების ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე გადატანა, ხოლო იქიდან დამნაშავეების ან მათთან დაკავშირებული პირების ანგარიშებზე გადარიცხვა", - ნათქვამია სამსახურის 2020 წლის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები