2023 წელს პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 წერილობითი კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ უწყებებს, აქედან 77 - უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო. 796 კითხვა უპასუხოდ დარჩა.
ამის შესახებ მიმოხილვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა.
მიმოხილვის მიხედვით, პასუხგაუცემელი კითხვებიდან 791-ის ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს).
ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვა (582) თინა ბოკუჩავამ გაგზავნა, მეორე ადგილზეა ქეთევან თურაზაშვილი (541), მესამეზე კი ნიკა მაჭუტაძე (374). ხუთეულს ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ბეჟაშვილი ასრულებენ.
რაც შეეხება ადრესატებს, პირველ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროა, მეორეზე - ჯანდაცვის სამინისტრო, მესამეზე - განათლების სამინისტრო, მეოთხეზე - პრემიერ-მინისტრი, მეხუთეზე კი იუსტიციის სამინისტრო.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს, სადეპუტატო კითხვების შესწავლისას შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:
"2023 წელს სადეპუტატო კითხვების თემატიკა ძირითადად სხვადასხვა საკითხებზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას ეხებოდა. მსგავსი ინფორმაციის მიღება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც შესაძლებელია. საპარლამენტო კონტროლის საკონსტიტუციო მექანიზმი, როგორც წესი, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს უნდა ეხებოდეს და პასუხად მეტი ინფორმაცია იყოს მოთხოვნილი, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები;
იმ შემთხვევაში თუ მინისტრი ან ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი არ პასუხობს სადეპუტატო კითხვებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მექანიზმი უნდა იყოს ეფექტური. მთავრობის მიერ სადეპუტატო კითხვებზე იგნორირება პლენარულ საკითხზე მსჯელობის თემად და რიგ შემთხვევებში მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლადაც შეიძლება იქცეს. სადეპუტატო კითხვებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვას შეისწავლის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრები ხშირად ტოვენენ უპასუხოდ სადეპუტატო კითხვებს, ამ პრობლემის გამო არავის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დამდგარა".
ცნობისთვის, პარლამენტის წევრის კითხვა საპარლამენტო კონტროლის კონსტიტუციური მექანიზმია,
რომელიც, სხვა მექანიზმებთან შედარებით, ყველაზე ხშირად გამოიყენება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.
აღსანიშნია, რომ სადეპუტატო კითხვებზე დაგვიანებული პასუხი რომ პრობლემაა, ეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმაც აღიარა, მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას. "შევხედოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ეს საკითხი. არ ვიცი, რა განზრახვები უნდა იყოს, რომ რაღაცას უპასუხო და რაღაცას არა. რამდენად პროცედურულია გარკვეული დაყოვნებები. ყოველ შემთხვევაში, სადეპუტატო კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი დროულად და სრულად. ამ მიმართულებით მკაცრად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. მიხარია, რომ როცა საპარლამენტო მუშაობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთადერთი პრობლემა", - განაცხადა მაშინ პაპუაშვილმა.