მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 29 სექტემბერი - 5 ოქტომბერი

ფული ლარი

გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში 29 სექტემბერი-5ოქტომბრისთვის.

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. ამასთან, აგვისტოში კერძო სექტორის ბრუნვა ჯამურად 15.3 მილიარდ ლარს შეადგენდა.

გასული თვის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ კონკრეტული სექტორების მიხედვით ზრდა ძირითადად IT სექტორს უკავშირდება. ასევე გაუმჯობესებულია საფინანსო სექტორის მაჩვენებლები, რაც ძირითადად ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას უკავშირდება. ამასთან, კლებაა სამშენებლო და დამმუშავებელი სექტორების მიმართულებით.

სექტემბერში ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა

საქსტატმა სექტემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფასების დონე წინა წელთან შედარებით 4.8%-ით არის გაზრდილი. ეს 2023 წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ინფლაციაა. საქსტატის თანახმად, ფასების ზრდა ძირითადად სურსათის ჯგუფის გაძვირებას უკავშირდება, რადგანაც ამ ჯგუფში ფასები წლიურად 11.9%-ით არის მომატებული.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (16.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.8 პროცენტი), თევზეული (11.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.1 პროცენტი).

2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი - მთავრობის ხარჯები 30.5 მილიარდ ლარამდე იზრდება

ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ბიუჯეტის პირველი პროექტი განსახილველად ქართული ოცნების პარლამენტს წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 2.5 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 30.5 მილიარდ ლარს მიაღწევს.

სამინისტროებს შორის ყველაზე მეტად - 800 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 9.6 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამ სამინისტროს დაფინანსების მატება ძირითადად მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის გაზრდილ ბიუჯეტს უკავშირდება. კერძოდ, ინდექსაციის წესის შესაბამისად 70 წელზე ზემოთ პირთა პენსიები 45 ლარით 495 ლარამდე იზრდება, 70 წელს ქვემოთ მყოფთა პენსია კი 20 ლარით მოიმატებს და 370 ლარი გახდება.

მეორე ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 3.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ეს თანხა წლიურად 28 მილიონი ლარით არის შემცირებული. მესამე ადგილზე კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა 2.6 მილიარდი ლარის დაფინანსებით, რაც წლიურად 470 მილიონი ლარით არის შემცირებული.

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.8 მილიარდი ლარი იქნება (ზრდა 70 მლნ ლარი), შსს-ს ბიუჯეტი კი 78 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.47 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება კი 195 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.14 მილიარდი ლარი გახდება.

9 თვეში მთავრობამ გეგმაზე ნაკლები დღგ, მოგებისა და აქციზის გადასახადი აკრიფა - ბიუჯეტის 9 თვის შესრულება

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე ძირითადი გადასახადის შესრულება გეგმას ჩამორჩება, კერძოდ მოგების გადასახადში გეგმასთან ჩამორჩენა 211 მილიონი ლარია. ასევე გეგმას 101 მილიონი ლარით ჩამორჩება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) შესრულება, აქციზის გადასახადის შესრულება კი გეგმას 22 მილიონი ლარით ჩამორჩება. ასევე 6 მილიონი ლარით ჩამორჩება გეგმას იმპორტის გადასახადის შესრულებაც. გადაჭარბებით კი შესრულდა საშემოსავლო გადასახადის მობილიზება, სადაც გეგმასთან მიმართებით გადაჭარბება 71 მილიონი ლარია. ამასთან, მნიშვნელოვანი - 289 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტის "სხვა გადასახადების" მუხლი, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა 21 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.

გადასახადი ბიუჯეტის გეგმა 9 თვე - ლარებში შესრულება ფაქტი - ლარებში პროცენტული შესრულება გეგმასთან მიმართებით სხვაობა გეგმასთან ლარებში
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 6,024,000,000 ლარი; 5,923,429,501 ლარი; 98.3% -100,570,499 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი 5,499,000,000 ლარი; 5,570,273,570 ლარი; 101.3% +71,273,570 ლარი;
მოგების გადასახადი 2,385,000,000 ლარი; 2,174,429,665 ლარი; 91.2% -210,570,335 ლარი;
აქციზის გადასახადი 1,933,000,000 ლარი; 1,911,411,651 ლარი; 98.9% -21,588,349 ლარი;
სხვა გადასახადები 200,000,000 ლარი; 488,776,698 ლარი; 244.4% +288,776,698 ლარი;
იმპორტის გადასახადი 114,000,000 ლარი; 107,873,568 ლარი; 94.6% -6,126,432 ლარი;
ჯამი გადასახადები 16,155,000,000 ლარი; 16,176,194,653 ლარი; 100.1% +21,194,653ლარი;

"თეთრი სია" არ გაუქმდება, თუმცა გამკაცრდება. ახალი სისტემა 2029 წლიდან ამოქმედდება - სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ 2029 წლიდან "თეთრ სიასთან" მიმართებით ახალ სისტემაზე მოხდება გადასვლა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაზე მინისტრმა კომპანიებს "თეთრ სიასთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება გააცნო. ახალი მოდელის თანახმად, "თეთრი სიის" შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით განისაზღვრება, 2029 წლიდან კი ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები "თეთრ სიაში" მოხვდებიან და შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლებენ.

"თეთრ სიაში" დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 200-ს აჭარბებს. გასულ წელს სიაში 115 მიმწოდებელი დარეგისტრირდა, ხოლო 89-ს რეგისტრაცია გაუგრძელდა.

რუსთავის ფოლადი წარმოების ნაწილის - არმატურის წარმოების გასხვისებას გეგმავს

საქართველოს უმსხვილესი მეტალურგიული კომპანია - "რუსთავის ფოლადი" არმატურის წარმოების გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, იგორ კორიტკომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნაკერო მილების წარმოების გაფართოება და ექსპორტის ზრდაა.

"ერთ ტონა უნაკერო მილზე არსებული მარჟა არმატურისას სამჯერ აღემატება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბაზარი, ეს პროდუქტი ჩვენთვის არც ისე საინტერესოა და ახლა განვიხილავთ, რომ შესაძლოა, არმატურის მიმართულება გავყიდოთ. კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ასეთ შესაძლებლობას განვიხილავთ. თუ ჩვენს წარმოებას შეხედავთ, გვაქვს ძირითადად სამი მთავარი საამქრო: ფოლადსადნობი საამქრო, საამქრო, რომელიც არმატურას აწარმოებს და საამქრო, რომელიც მილებს აწარმოებს. ჩვენ შეგვიძლია მარტივად გამოვყოთ არმატურის მწარმოებელი საამქრო”, - განაცხადა იგორ კორიტკომ.

ყულევის ნავთობტერმინალის გაფართოება იგეგმება - SOCAR-მა პროექტი წარადგინა

სოფელ ყულევში მდებარე შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას იწყებს. კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინა საპროექტო და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ტერმინალის მფლობელი - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი მის გაფართოებას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს ოთხი ახალი ცილინდრული ფოლადის რეზერვუარის დამატებას, თითოეული 20 000 კუბური მეტრის მოცულობით, რაც ჯამში 80 000 მ³-ით გაზრდის ტერმინალის საწვავისა და ნავთობპროდუქტების დამტვირთავ-გადამტვირთავ შესაძლებლობებს.

ცნობისთვის, "შავი ზღვის ტერმინალი" 2008 წლიდან ოპერირებს. მისი რეზერვუარების ჯამური მოცულობა ამჟამად 402,000 კუბური მეტრია, შესაბამისად, ახალი რეზერვუარების დამატებით ჯამური მოცულობა 482,000 კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ტერმინალს ამჟამად წლიურად 10 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების გატარება შეუძლია.

საქართველოში იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართულმა ბანკებმა სულ 32,565 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.4%-ით, ანუ 5,038-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.3%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 90 მილიონი ლარი).

ამასთან, 2025 წლის აგვისტოს განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.98 პროცენტული პუნქტით მეტია.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი გაუმჯობესდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის II კვარტალის მიმდინარე საგადასახდელო ბალანსის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საგადასახდელო ბალანსი უარყოფითი იყო და დეფიციტმა 272.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც კვარტალის მშპ-ის 3%-ს შეადგენდა.

შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი 594 მილიონი დოლარი, ანუ მშპ-ის 7.4% იყო. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი წელს 4.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები