მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუნდში განახლება ყოველთვის საჭიროა" - ირაკლი კობახიძე ბოლო საკადრო ცვლილებებზე

კობახიძე ლიდერები

ირაკლი კობახიძემ “ოცნების” მთავრობის გუნდში განხორციელებულ ბოლო საკადრო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. მისივე თქმით, ნებისმიერ გუნდში ყოველთვის საჭიროა განახლება.

„ცვლილებებს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ზოგადად, ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღებას, აქ საუბარი არ მაქვს პერსონალურ საკითხებზე. ყოველთვის საჭიროა ნებისმიერ გუნდში განახლება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ის პროცესები, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში განვითარდა, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას. ამას უზრუნველყოფს ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომლებიც შედგება პროფესიონალებისგან, მათ შორის ვგულისხმობ ახალდანიშნულ თანამდებობის პირებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაგრძელდება თუ არა საკადრო ცვლილებები და გადაადგილებები "ოცნების" გუნდში - ამ კითხვას ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა.

ცნობისთვის, ბოლო საკადრო ცვლილებების თანახმად, იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მან გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო უნდა ჩაებარებინა, თუმცა „ოცნებამ“ ეს გეგმა შეცვალა. ახალ სამინისტროს კახა გულედანი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე თბილისის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა. პარალელურად, იუსტიციის მინისტრად პაატა სალია ინიშნება, რომელიც "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და "ქართული ოცნების" სიის 96-ე ნომერია.

ამას გარდა, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელად ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა. ბერაიამ ამ პოსტზე სოსო რამიშვილი შეცვალა.

პარალელურად, თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ. მის ნაცვლად მიხეილ ყაველაშვილმა უკვე წარადგინა ახალი კანდიდატურა - სულხან თამაზაშვილი, რომელიც ამ დრომდე თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე იყო.

სამთავრობო უწყებებში ცვლიან მოადგილეებსაც. მაგალითად, სუს-ის ახალ უფროსს, ანრი ოხანაშვილის სამი ახალი მოადგილე ეყოლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები