"ხელისუფლებას ხალხის პრობლემები არ ადარდებს, პასუხისმგებლობის გრძნობა დაკარგა", - ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა "ოცნების ქალაქში" მომხდარ ტრაგედიაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტრაგედიაზე "ოცნების" წევრების მხრიდან გაკეთებული მხოლოდ სამძიმრის განცხადებები საკმარისი არ არის, რადგან არაფერი ითქვა პასუხისმგებელ პირებზე.
"ასეთი რამე ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება დაკავებულია ყველაფრით გარდა საკუთარი ვალდებულებების შესრულებისა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები და შეუქმნას ელემენტარული პირობები, დააკმაყოფილოს მისი საჭიროებები და ამისთვის უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ორგანო ჩართული/მობილიზებული. 10 წლის განმავლობაში ამ ქალაქში მდგომარეობა უფრო გაუარესდა - ხელისუფლება არასოდეს დაინტერესებულა ბოლომდე შეესწავლა იქ არსებული პრობლემები. ხელისუფლებამ დაკარგა ელემენტარული ანგარიშსწორების გრძნობა. ის მიეჩვია დიდიხნით ხელისუფლებაში ყოფნას და ტრაგედიებიც კი აღარ ადარდებს. იმედი აქვს ამ ტრაგედიასაც როგორმე გადალახავს, რადგან არაერთი ასეთი ტრაგედია მოხდა ქვეყანაში და მას პასუხი არ მოეთხოვა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის: 15 თებერვალს, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი - 4 და 5 წლის ბავშვი ჩავარდა. ბავშვებს რამდენიმე საათი ეძებდნენ, იპოვეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ტერიტორიიდან, სადაც 8 თებერვალს, ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას 1 077 ოჯახისთვის, სიმბოლური კაფსულა ჩადო. სხვათაშორის ამ PR ღონისძიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ სამძიმრის არცერთ წერილში არაფერი იყო ნათქვამი პასუხისმგებლობაზე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო მოედანი. იგივე გაიმეორა "ოცნების ქალაქის" მეორე ფაზის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ანაგმა".
"ოცნების ქალაქში" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის წერილიც გაავრცელა, სადაც არაფერი თქმულა იმ პასუხისმგებელ პირებზე, ვინც ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს.
სამძიმარი გაავრცელა ირაკლი კობახიძემაც, სადაც ასევე არაფერი თქმულა პასუხისმგებელ პირებზე.
განცხადება გაავრცელა ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა, რომელმაც თქვა, რომ ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი.
რა ჯდება "ოცნების ქალაქის" მეორე ფაზის მშენებლობა? - დეტალები
რა დაგვიჯდა "ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის დაწყების ღონისძიება, რომელსაც კობახიძე დაესწრო?