მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (03.02.2019 - 09.02.2019)

5e3ffe00c436a
ირაკლი მაკალათია
09.02.20 17:00
1766
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (03.-08.02.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. Forbes Georgia-ის დაჯილდოების ცერემონია
2. 2020 წლის იანვარში ინფლაციის დონემ 6,4% შეადგინა
3. Heritage Foundation - საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების 5 პრიორიტეტული პუნქტი
4. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო
5. საქართველოში 427 373 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას
6. გაკოტრების ახალი კანონპროექტი
7. საგადასახადო კოდექსში დღგ-სთან მიმართებით დაგეგმილი ცვლილებები
8. 2022 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი საქართველო იქნება
9. კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით
10. შრომის ინსპექციამ შემოწმება ახალი სტანდარტის შესაბამისად დაიწყო

1. Forbes Georgia-ის დაჯილდოების ცერემონია

7 თებერვალს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში, Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონია მიყავდა “ფორბსის” მთავარ რედაქტორს, გიორგი ისაკაძეს.
Forbes Georgia ჯილდოებს გადასცემს მათ, ვინც გამორჩეულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჯილდოები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში:

• ღონისძიების დასაწყისში Forbes Georgia-ის 2019 წლის 30 Under 30-ის სიის წარდგენა მოხდა. ასევე დაანონსდა ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სამიტის ჩატარება
• “ფორბსმა” Forbes Woman-ის ჯილდოს გადაცემის უფლება Forbes Woman Georgia-ის გუნდს გადაულოცა და სცენაზე ქეთა ლომიძე და მარიამ სპარსიაშვილი მოიწვია;
• “ფორბსი” ინტეგრირდა თიბისი სტარტაპერის დაჯილდოებაში და მომავალი წლიდან Forbes Startup-ის ჯილდოს თიბისისთან ერთად გადასცემს;
• Forbes Property 2019-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია Domson’s Engineering & Construction-ი და დასახელდა, ჯილდო კი მის აღმასრულებელ დირექტორს სოსო ბერიძეს გადაეცა;
• Forbes Entrepreneur 2019-ის ჯილდოს წარდგენისას, ისაკაძემ განაცხადა, რომ “ბიზნესი არ უნდა იყოს უმადური” და სცენაზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუხმო. ეს ჯილდო 2019 წელს ბიზნესიდან წასულ ამ ორ ადამიანს გადაეცა;
• Forbes Social Impact 2019-ის ჯილდო “ფორბსმა” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გადასცა.
Forbes Georgia-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/38ePg8T

2. 2020 წლის იანვარში ინფლაციის დონემ 6,4% შეადგინა

2020 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით 4.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 3.4%.
სამომხმარებლო კალათა გამოიყენება ინფლაციის დონის გასაანგარიშებლად, რომლის განახლება საქსტატმა ყოველწლიურად დაიწყო. რაც შეეხება 2020 წლის სამომხმარებლო კალათის შემადგენლობას, 2019 წლის სამომხმარებლო კალათას დაემატა შინაური ცხოველების საკვები, ხოლო გამოაკლდა ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი და ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი, აღნიშნული სახეობის სიგარეტების ამოღების შემდეგ, სამომხმარებლო კალათაში დარჩა მხოლოდ იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი. დაკორექტირებული სამომხმარებლო კალათა შედგება 305 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან. სამომხმარებლო კალათიდან ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ამოღების მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ გაძვირებული თამბაქოს ფონზე შემცირდა სიგარეტების გაყიდვები. ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე გაცემული აქციზი 25-ჯერ შემცირდა,ხოლო ფილტრიანზე კი - 27-ჯერ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწევა და მოხმარებაც შესაბამისი მოცულობით შემცირდა. მოქალაქეებმა ალტერნატიული პროდუქტის მოხმარება დაიწყეს, რაც არის უაქციზო სიგარეტი და თუთუნი. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც უახლესი ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ჯამში 46 920 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა და ეს რეალურად უმნიშვნელო მაჩვენებელია იმ არალეგალურ ბაზართან შედარებით რაც ქვეყანაში თამბაქოს ბაზარზე შეიქმნა.



ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/38bVXIL; https://bit.ly/2S9JNKN

3. Heritage Foundation - საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების 5 პრიორიტეტული პუნქტი

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი Heritage Foundation-მა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების 2020 წლის სამოქმედო სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც პრიორიტეტულ მოვლენებსა და საკითხებზე აკეთებს აქცენტს:

• 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
• აშშ-ს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას;
• დადებით განიხილავს იმ ფაქტს, რომ 1996 წლიდან, 2019 წლამდე საქართველომ Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მოწინავე ადგილზე გადაინაცვლა. მხოლოდ ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველომ რეიტინგში 124-ე ადგილიდან 16-ე ადგილამდე გადაინაცვლა და თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიას შეუერთდა, რაც არის კიდეც იმის საფუძველი, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდეს.;
• Heritage Foundation საქართველოს მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და დახმარების მოწოდებით გამოდის, კონკრეტულად, აშშ-ს კონგრესი და ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს საქართველოს ახალი ინვესტორის მოძიებაში;
• პრიორიტეტულ საკითხად ორგანიზაცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერას ასახელებს, რისთვისაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უნდა დაეხმაროს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.
და ბოლოს დოკუმენტში წერია, რომ მიმდინარე წელს საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის განმტკიცებისათვის კი მნიშვნელოვანია ამ 5 პუნქტის პრიორიტეტად ქცევა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/39lEZIk

4. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო. სამინისტროს ცნობით, სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ ანაკლიის პორტის პროექტის საინვესტიციო წინადადების შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო. მის ძირითად საქმიანობად, განისაზღვრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2OFU6Eu

5. საქართველოში 427 373 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 427,373-ს შეადგენს.ხოლო საარსებო შემწეობაზე დეკემბერში გადაირიცხა 26 878 028 ლარი, ხოლო მთლიანად წლის განმავლობაში 319 579 131 ლარი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტი წილი 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები არიან (24.3%), ხოლო ყველაზე ნაკლები 65-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანები (3,9%). საარსებო შემწეობის ქვეშ 6 წლამდე ასაკის 46 300 ბავშვია.

2019-2020 წლებში 5 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის განსახლებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 70 მილიონი ლარი. ასევე, „სოფლად სახლი"-ს პროექტის ფარგლებში 240 დევნილი ოჯახისთვის ინდივიდუალური სახლები აშენდება და მოხდება მათი დახმარება საარსებო წყაროებით. აღნიშნული პროექტი გერმანიის მთავრობის დახმარებით იგეგმება, რომლის ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2vXwGnq

6. გაკოტრების ახალი კანონპროექტი

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, რომელზეც მთავრობა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, ქვეყანაში გაკოტრების პროცედურა იცვლება. საქართველოს პარლამენტი ახალ კანონპროექტს მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს, ხოლო მის ამოქმედებას პირველი ივნისიდან ითვალისწინებს.

კანონით გათვალისწინებული ცვლილებები შედგება 9 პუნქტისაგან:
1. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის დანერგვა
2. რეგულირებული შეთანხმება(ალტერნატიული მექანიზმი)
3. გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები
4. გადახდისუუნარობის მასა - ანუ რა თანხას შეეხება გაკოტრების საქმის წარმოება?
5. რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის დაწყება
6. საწარმოს რეაბილიტაცია
7. ახლებურად წესრიგდება გაკოტრების პროცესში კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა
8. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე
9. გაკოტრების პროცესის ხარჯები

ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, მოსალოდნელია "მსოფლიო ბანკის" Doing Business-ის რეიტინგში, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცედურების კრიტერიუმში რეიტინგის გაუმჯობესება, სადაც საქართველოს ყველა კრიტერიუმს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვს.

ვრცლად კანონპროექტისა და ცვლილებების შესახებ სტატია https://bit.ly/2vjclbM

7. საგადასახადო კოდექსში დღგ-სთან მიმართებით დაგეგმილი ცვლილებები

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიას განცხადებით - მოხდება დამატებული ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან და საკანონმდებლო ცვლილებაზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. ხოლო მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში, მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში შესატანილი ცვლილებების განხილვა დაიწყება. ცვლილებების ამოქმედება კი 2021 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება.

BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ცვლილებები ითვალისწინებს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათებს: იცვლება დღგ-ს დრო და ადგილის განსაზღვრის ნორმები, ძირითადი პრინციპი შემოდის რომ, თუ მომსახურება შესრულდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ის სრულად განთავისფულდება დღგ-სგან და ეს არ იქნება სახელობითი ჩამონათვალი, გარდა ამისა ისეთი ნორმები, რომლებიც ისედაც გათავისუფლებული იყო დღგ-სგან, როგორიც არის მაგალითად, ჯანდაცვის და განათლების სექტორი, მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებიც მასთან ერთად იქნება გათავისუფლებული დღგ-სგან.  დევნილები, რომელთაც 2011 წლის მდგომაროებით, 5 ჰექტრამდე მიწის ფართობი აქვთ, 2013 წლიდან მოყოლებული სრულად გათავისუფლდებიან მიწის გადასახადისგან, დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის, რომლებიც 2008 წლამდე დაიწყო და დღემდე არ არის დასრულებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობა 2026 წლამდე გადაიწევს.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2StHKjU

8. 2022 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი საქართველო იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განაცხადებით - "მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს გახდეს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა". 

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ნიშნავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და საერთაშორისო დაფარვის ციფრს დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანზე მეტს.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე: "მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და დინამიური". 

ვრცლად ამ თემაზე სტატია https://bit.ly/2SvaubZ

9. კომერციული ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

საქართველოს ყველა კომერციულმა ბანკმა 2019 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს წარუდგინა, საიდანაც BMG-ის ანალიტიკური სტატიის მიხედვით, შემდეგი რეიტინგები გვაქვს მოცემული: 1. ქვეყანაში არსებული 15 ბანკიდან პირველ ადგილზე კვლავ "თიბისი ბანკია", რომლის წმინდა მოგებამაც 2019 წელს 392 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო აქტივების ღირებულებამამ - 18 მილიარდი ლარი. 2. მეორე ადგილზე "საქართველოს ბანკია" მისმა მოგებამ 390.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო აქტივების ღირებულებამ 17-მილიარდი. 3. მესამე ადგილს იკავებს "კრედო ბანკი" 27,7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით; 4. მეოთხე ადგილზეა "ლიბერთი ბანკი" 26,8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით; 5. მეხუთე ადგილს კი "ბაზისბანკი" იკავებს, რომლის წმინდა მოგებამაც 24,8 მილიონი ლარი შეადგინა.

სრულად რეიტინგების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას: https://bit.ly/2tMZ8b6

10. შრომის ინსპექციამ შემოწმება ახალი სტანდარტის შესაბამისად დაიწყო

6 თებერვლიდან, ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შრომის ინსპექცია შემოწმებას ახალი სტანდარტის შესაბამისად განახორციელებს. ყველა იმ სამუშაო სივრცეში, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა, დეტალურად განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს შესასრულებელი მოქმედებები, მათ შორის ინსპექტირებამდე, ინსპექტირების პროცესში და ინსპექტირების დასრულების შემდგომ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით - "ინსპექტირების წესის განსაზღვრა დაეხმარება, დამსაქმებელს და დასაქმებულს ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესახებ". 

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/31Imyei

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები