მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

5df648c43910d
ირაკლი მაკალათია
15.12.19 18:50
4260
1. მესამე კვარტალში გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია. თუ განვიხილავთ 2018-2019 წლების კვარტლების მონაცემებს, 2019 წლის III კვარტალის მონაცემები ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო წლებთან შედარებით 2018 წელს ინვესტიციების მკვეთრი კლება გვქონდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო შაჰ-დენიზის მილსადენის ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებასა და შესაბამისად აზერბაიჯანიდან ინვესტიციების შემცირებასთან. კლების ტენდენცია გაგრძელდა 2019 წელსაც და ამ ფონზე მიმდინარე კვარტალში გაზრდილი უცხოური ინვესტიციები პოზიტიური მაჩვენებელია, თუმცა ჩამოუვარდება გასული წლების მაჩვენებლებს. ზრდის მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მკვეთრი ზრდა და სავალო ვალდებულებების (სავაჭრო კრედიტები და სესხები) მატება. რეგიონების მიხედვით ინვესტიციების 64,1% მოდის თბილისზე, ხოლო თბილისის შემდეგ ინვესტიციების სიდიდით მეორე რეგიონია აჭარა 12,6%-ით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განვითარებული ეკონომიკების მამოძრავებელ საინვესტიციო ძალას პორტფელური ინვესტიციები წარმოადგენენ, ანუ აქციებსა და ფასიან ქაღალდებში ინვესტირებები, რომელიც საქართველოს მაგალითზე მინიმალურ დონეზეა, რადგან რეალურად საქართველოს ეკონომიკის დაბალი კაპიტალიზაციის პირობებში ფასიანი ქაღალდების ბაზარი მკვდარია.



ვრცლად ამ თემაზე სტატია.

2. საპენსიო სააგენტოს დირექტორის გადადგომა

1-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ, თანამდებობის დატოვების სურვილი გამოთქვა, თუმცა მისი გადადგომა ოფიციალურად სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ მოხდება. რეალურად, დირექტორი ისე ტოვებს თანამდებობას, რომ სააგენტოს კონკრეტული შედეგი ჯერ არ უჩვენებია, გარდა იმ ფაქტისა, რომ ბოლო მონაცემებით (13.12.2019) სააგენტოში მობილიზებულია 467.8 მილიონი ლარი. სააგანტოში მობილიზებული თანხების 100% ამ ეტაპზე საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული. დააზიანებს თუ არა დირექტორის წასვლა სააგენტოს იმიჯს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აღნიშნული შენატანები სავალდებულოა და სააგენტოს იმიჯი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ადამიანების გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული სისტემის ფუნქციონირების რისკებზე ბევრი ითქვა, რაც ძირითადად დაკავშირებულია: ინლაციურ მოლოდინთან, რამდენად მყიდველუნარიანი იქნება ათეული წლების მერე ადამიანების მიერ სააგენტოში დაგროვილი თანხები; არსებული დასაქმების დონისა და ხელფასების გათვალისწინებით რამდენად ბევრი ადამიანი ჩაერთვება და რამდენად უზრუნველყოფს მომავლის ფული მომავალ პენსიონერებს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოთხოვნილებები და ცხოვრების სტანდარტები ყოველ წელს იზრდება; 2+2+2 სისტემა, სადაც დასაქმებულის მიერ გადახდილი 2% მისთვის მცირე, მაგრამ მაინც დამატებითი ფინანსური ტვირთია, თან ეროვნული ვალუტის გაუფასურების გავლენით პენსიაზე გასული ადამიანი უფრო ნაკლებს აიღებს ვიდრე შეეძლო დღეს მიეღო; 2%, რითაც ხარჯები გაეზარდათ დამქირავებლებს; 2% - რომელსაც იხდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლითაც შეიძლებოდა უფრო მეტად მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს დახმარებოდა ვიდრე იმ ფენის წარმომადგენელ ადამიანებს ვისაც უფრო ნაკლებად სჭირდება სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

ყველაზე საგულისხმო კი რისკია, თუ სად განთავსდება საპენსიო შენატანები. საპენსიო სააგენტო ყველაზე ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელად განიხილავს სახელმწიფოს სახაზინო ვალდებულებებს, ხოლო პირველ ეტაპზე სააგენტო აპირებს თანხის ყველაზე დაბალ რისკიან ჯგუფში ინვესტირებას, ეს პირდაპირ ნიშნავს, იმას რომ საპენსიო ფონდის უდიდესი ნაწილი განთავსდება მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, რომლის სასესხო ფასიანი ქაღალდების შეძენა დასაშვენია 100 პროცენტამდე. ხოლო მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ეკონომიკიდან სესხულობს ფულს, რომელიც მიემართება სახელმწიფო ვალების გასტუმრებაზე. ამიტომაც, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ფონდის მთავარი დანიშნულება იქნება მთავრობის ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და არა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.



ვრცლად ამ თემაზე სტატია

3. 2020 სახელმწიფო ბიუჯეტი

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

შემოსავლები განისაზღვრა 14,6 მლრდ ლარით, გადასახდელები კი 14,4 მლრ ლარით. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.0%-დან 4.5%-მდე შემცირდა. მთავრობა 2020 წელს მილიარდ 867 მილიონ ლარის ოდენობის საგარეო ვალს აიღებს. სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წლის ბოლოსათვის იქნება 23 434.9 მლნ ლარი, მათ შორის: სახელმწიფო საგარეო ვალი – 17 968.1 მლნ ლარი, ხოლო საშინაო ვალი − 5 466.9 მლნ ლარი.

სოციალური სისტემის კუთხით დაიგეგმა შემდეგი: 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები; 2020 წლის 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსიები; სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ. 2020 წლის 1 ივლისიდან სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმების პროგრამების ფარგლებში (8 ათასამდე მოქალაქე) ანაზღაურება გაიზრდება 100 ლარით;

განათლების სისტემა: 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი გაიზრდება 150 ლარით; 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება, ხოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 280.0 მლნ ლარზე მეტი;

პოლიცია და ჯარი: 2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს (2020 წლის 1 ივლისიდან საშუალოდ 125 ლარით), რაზეც 2020 წელს ჯამში ბიუჯეტიდან მიიმართება 1.0 მლრდ ლარზე მეტი;

ინფრასტრუქტურა - 2020 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მიიმართება 3.7 მლრდ ლარზე მეტი. რაც გულისხმობს შემდეგ პროექტებს: მუნიციპალური ინფრასტრუქტურა; ჩქაროსნული მაგისტრალები; შიდა გზები; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა; წყლის ინფრასტრუქტურა; მუნიციპალური ტრანსპორტი; ენერგო ინფრასტრუქტურა; დევნილთა სახლების მშენებლობა / შესყიდვა;

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 2020 წელს მიიმართება 240.0 მლნ ლარზე მეტი, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტები; სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სხვა პროგრამები; ტურიზმის ხელშეწყობა; სტარტაფების და ინოვაციების დაფინანსება; საკრედიტო-საგარანტიო ფონდი; მცირე გრანტების პროგრამა;მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობის სხვა პროგრამები

ერთი შეხედვით დადებითი ფაქტია რომ იზრდება სოციალური შემწეობები, ხოლო საჯარო უწყებების ნაწილში ხელფასები, თუმცა, აქ სხვა მიმართულებითაც უნდა დავფიქრდეთ, კერძოდ; მიუხედავად აღნიშნული სახელფასო ზრდისა, ის განსაკუთრებულ სოციალურ ეფექტს ვერ ქმნის, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და მყიდვეულუნარიანობის კლების ფონზე, სამაგიეროდ იზრდება ბიუჯეტზე წნეხი და ხარჯები, რაც შემდგომში კიდევ უფრო ზრდის სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ვალისა და ვალდებულებების აღების ალბათობას. მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა იზრდებოდეს, უნდა იზრდებოდეს დასაქმებისა და შემოსავლების დონეები, თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოდიოდეს კერძო სექტორიდან, ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაც ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო საბიუჯეტო დახმარებების ზრდა იქნება მხოლოდ და მხოლოდ სოციალური შემწეობების ექვივალენტი, ის ვერც მოსახლეობას ვერ მოუტანს ეკონომიკურ დოვლათს, ხოლო გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების ფონზე აღებული დამატებითი სახელმწიფო ვალდებულებები კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება მოსახლეობას.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

4. ფულადი გზავნილების ზრდა ნოემბერში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.3%-ით მეტია 2018 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 1,4%-ით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გზავნილების მხრივ ძირითადი ქვეყნებია: რუსეთი (25,1% მთლიან გზავნილებში); იტალია (13,1%); საბერძნეთი (10,5%); აშშ (9,6%); ისრაელი (9,1%). წლებია ფულად გზავნილებში მთავარი წილი რუსეთს უჭირავს, რაც არც ივლისის მოვლენების შემდეგ შემცირებულა. აღნიშნული ნათლად მიუთითებს საქართველოს მოქალაქეების მაღალ მიგრაციაზე რუსეთში. საქართველოდან რუსეთში სამუშაო ძალის მაღალ მიგრაციას და საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას საგარეო ვაჭრობის კუთხით რუსეთის მთავრობა ყოველთვის პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

5. ექსპორტის ზრდა იანვარ-ნოემბრის მიხედვით

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტმა შეადგინა 3 381.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც 11,7%-ით მეტია წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ხოლო იმპორტმა შეადგინა 8 122.6 მლნ. აშშ დოლარი, რაც 2,3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 741.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია.

ცხადია ექსპორტის ზრდა დადებითია, რაც შეეხება მის დეტალურ სურათს, სასაქონლო სტრუქტურისა თუ ქვეყნების მიხედვით, დეტალური მონაცემები 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.

6. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, საბოლოოდ კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 9.0% შეადგინა. მსგავსი მაღალი განაკვეთი 2008 წლის შემდეგ არ გვქონია, 2008 წელს აღნიშნული განაკვეთი 8%-დან 12 %-მდე მერყეობდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცხადია ქვეყანაში დაფიქსირებულ ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.

უფრო ნათელი რომ გავხადოთ ეროვნული ბანკისა და მთავრობის მოქმედება, ასეთ სქემას ვიღებთ:

ა) ლარიზაციის პირობებში ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან მხოლოდ ლარი გამოიყენონ და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა მომხმარებელთა ნდობას და მიმზიდველობას კარგავს, მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის არასწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარება, ლარზე მომხმარებელთა დამოკიდებულებას ვერ შეამცირებს, ამიტომაც ვალუტის მონოპოლიურ რეჟიმში მთავრობა და ეროვნული ბანკი თავისუფლად ატარებენ იმ პოლიტიკას, რაც თავად აწყობთ და რითაც საბოლოოდ ზარალდება მოსახლეობა და ბიზნესი.

ბ) ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს ბეჭდავს ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება, ხოლო კომერციული ბანკების გავლით უბრუნდება ფინანსთა სამინისტროს და ხმარდება სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრებას. როცა ფინანსთა სამინისტროსგან, კომერციული ბანკები ყიდულობენ სახაზინო ობლიგაციებს, მათ ავტომატურად უჩნდებად ლარზე მოთხოვნა და რასაც შემდგომში რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით იღებენ ეროვნული ბანკისგან.

გ) მას შემდეგ, რაც ჭარბი ლარის მასა იწვევს ინფლაციას და დევალვაციას (დევალვაციას ქვეყნის გარედან უცხოური ვალუტის შემოდინებების შემცირებაც უწყობს ხელს) და ქვეყანაში ფასების დონე იწევს, ეროვნული ბანკი მიმართავს შემდეგ ღონისძიებებს, ყიდის დოლარში არსებულ რეზერვებს, რომ დააბალანსოს კურსი, მაგრამ რადგან რეზერვები ამოწურვადია და შეზღუდულია ამ მხრივ ეროვნული ბანკი, ის იწყებს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას რომ ბრუნვიდან ამოიღოს ლარის მასა.

დ) რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კი ნიშნავს, ერ. ბანკმა გაუძვიროს სესხი კომერციულ ბანკებს, შესაბამისად კომერციულმა ბანკებმა გააძვირონ რეფინანსირებაზე მიბმული სესხები, რაც შემდგომ აისახება მოსახლეობაზე. მოკლედ, ეროვნული ბანკი სახელმწიფო ვალდებულებების გასასტუმრებლად ბეჭდავს ზედმეტ ფულს, ხოლო ზედმეტი ფულისგან წარმოქმნილ ნეგატიურ ეკონომიკურ მოვლენებს აბალანსებს მოსახლეობის ჯიბიდან.



ვრცლად ამ თემაზე სტატია.

7. 111 000 მსესხებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

,,არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირებაზე მიბმული სესხების მოცულობა 2.6 მილიარდი ლარით, 5.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, სესხების საერთო რაოდენობა კი 111,400-ია’’.
ის რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის დასტაბილურებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ცდილობს, ეს არის მოკლე ვადიანი ეფექტი, იმის გათვალისწინებითაც რომ ერ. ბანკი კვლავ გააგრძელებს ზედმეტი ფულის მასის გამოშვებას. საბოლოოდ, კი შეიძლება ისეთი მდგომარეობა მივიღოთ, რომ ინფლაციასთან ბრძოლაში გავზარდოთ სესხები, შესაბამისად შევამციროთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და შევამციროთ ეკონომიკური განვითარება.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

8. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

მიმდინარე კვირა აქტუალური იყო სწორედაც ეროვნული ვალუტის გამყარების შესახებ ინფორმაციებით, ყოველდღე ვიღებდით ინფორმაციას რომ ლარი მყარდება როგორც დოლართან ისე ევროსთან მიმართებაში, რაც გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით: ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდით, ტრადიციულად წლის ბოლოს მოსახლეობაში ლარზე მოთხოვნის ზრდით, მწარმოებელთა კუთხით ამ პერიოდში ნაკლებია დოლარზე მოთხოვნა, რადგან საწარმოო მარაგები თითქმის შევსებული აქვთ, წლის ბოლოს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მატებით, ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული უცხოური ვალუტის ზრდით.



9. ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’ - პროექტის 2 კვირის შედეგები

,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით პრვატიზების პროცესი წარმატებით მიდის, 2 კვირის განმავლობაში 6 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, რომელიც აქამდე გაჩერებული და პრაქტიკულად უსარგებლო იყო.’’ ამ ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 41 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ,,პროექტის ფარგლებში გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.’’

მიუხედავად აღნიშნული მაღალი ტემპებისა, გამოტანილ საპრივატიზაციო ობიექტები ღირებულებითა და სამომავლო ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით ვერც კი შეედრება საქართველოს იმ რეალურ ქონებას რასაც რეალურად სახელმწიფო ფლობს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; წიაღის უდიდესი რესურსი; ტყის ფონდი; შენობა-ნაგებობები; სახელმწიფო კომპანიები. ეს უდიდესი ქონება ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია დაკონსერვებული, არ ხდება მათი ჩართვა ეკონომიკაში და შესაბამისად, მათი ღირებულება 0-ია. არც კერძო სექტორს აძლევს ამ აქტივების გამოყენების შესაძლებლობას და არც თავად იყენებს, ხოლო რასაც იყენებს (მაგ; სახელმწიფო კომპანიები) ყოველ წელს ზარალით ასრულებს და ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდება.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

10. დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა

ფინანსთა მინისტრმა წარადგინა ვანო მაჭავარიანმა წარადგინა დღგ-ს შემდეგი ცვლილებები

1. ფართოვდება მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ დაიბეგრება;
2. ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-სგან ჩათვლის უფლების გათავისუფლებული ოპერაციები;
3. საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად;
4. სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების ან საქონლის მოწოდება;
5. არ დაიბეგრება ორგანიზაციის მიერ სახსრების მოზიდვის მიზნით სამედიცინო საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობა;
6. არ დაიბეგრება საქონლის ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის გადაცემა;
7. მარტივდება საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები;
8. დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირს აღარ ექნება შეზღუდვა აღრიცხვა აწარმოოს საკასო მეთოდით.
აღნიშნული ჩამონმათვალი აღებულია შემდეგი სტატიიდან.

ნებისმიერი რეფორმა რომელიც ტარდება საგადასახადო წნეხის შემცირებისა და გამარტივებისაკენ არის მისასალმებელი, თუმცა რამდენად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მეორე საკითხია. თუ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100,000 ლარს, პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.

100,000 ლარიანი ზღვარი წლებია განხილვის საგნად რჩება, დამატებული ღირებულების გადასახადს, რომელსაც ყველაზე დიდი წილი უჭირავს საგადასახადო შემოსავლებში, იხდის თითქმის ყველა მომხმარებელი. პროდუქციის ფასი, რომელსაც თქვენ შეიძენთ, უდიდესი ალბათობით მოიცავს დღგ-საც, ირიბად იხდით მის საფასო წილს და შესაბამისად გიძვირდებათ შეძენილი პროდუქტი. დღგ-ს ნაწილში საგადასახადო შეღავათი, პირველი და უმთავრესი მისი 100,00 ლარიანი ზღვარის აწევაში გამოიხატება.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები