მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიიჩნევს თუ არა Fitch-ი ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციას საკრედიტო რეიტინგის რისკად? - განმარტება

ტენდერი

მიიჩნევს თუ არა Fitch-ი ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური ინვესტიციის შემოტანას საკრედიტო რეიტინგის რისკად? - ამ კითხვით გადაცემა "ანალიტიკამ" Fitch Ratings-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსს, არვინდ რამაკრიშნანს მიმართა. კითხვაზე ექსკლუზიურ ინტერვიუში პასუხად Fitch-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ის საკითხია, რასაც ამ ეტაპზე ძალიან ყურადღებით აკვირდებიან.

"ორი აქცენტის გამოყოფა მინდა ამ ნაწილში. პირველი სატენდერო პროცესის ხარისხს უკავშირდება. მთავრობას ერთხელ უკვე ჰქონდა ამ პროექტის ტენდერზე გატანის მცდელობა და ეს შემთხვევა კარგად არ დასრულდა. ამდენად, ეს მეორე რაუნდია. ჩვენ გვესმის, რომ ბევრი მხარე ხედავს რისკებს ამ პროექტთან მიმართებით, ტენდერის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. კომპანია, რომელმაც უნდა განახორციელოს ეს პროექტი, შესაძლოა სანქციებთან მიმართებით კეთილსინდისიერი არ იყოს. როგორ გაართმევს თავს საქართველო ამ ტიპის რისკებს? – ამ კითხვაზე პასუხს გავლენა ექნება მმართველობაზე.

მეორე – ჩვენ არ გვაქვს წვდომა ხელშეკრულების დეტალებთან, არ ვიცით, როგორ იქნება ტრანზაქცია სტრუქტურირებული, არ ვიცით პროექტის კომერციული დასაბუთება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ PPP პროექტის სახეს მიიღებს, დეტალურად უნდა შევაფასოთ გაზრდის თუ არა ეს პროექტი ქვეყნის პირობით ვალდებულებებს. სხვა თანაბარ პირობებში ეს შეიძლება უარყოფითი იყოს", - განაცხადა არვინდ რამაკრიშნანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში საბოლოო წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა [China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური)] წარადგინა. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 20 ივნისს თქვა, რომ ინვესტორად ჩინური კონსორციუმის გამოცხადებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ცნობისთვის, China Communication Construction Company Limited (CCCC ) არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მის 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC-ი ფლობს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, შეზღუდულ პირთა ნუსხაში შეიყვანა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, ეს არ წარმოადგენს შეზღუდვას კომპანიისთვის საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები. ამასთან, ჩინური კონსორციუმი სხვადასხვა დროს WB-ის, ADB-ისა და აფრიკის განვითარების ბანკის შავ სიებში მოხვდა.

საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური გარემო და გეოპოლიტიკური ვითარება ქვეყნის პერსპექტივის პოზიტიურიდან სტაბილურით განსაზღვრაში აისახა - Fitch

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები