"როგორც "აღმოჩნდა” არაკვალიფიციური და არაეფექტური (ან კორუმპირებული) მთავრობა გვყავდა! და ამ მხრივ ჩვენი ეჭვები ახლა დასტურდება თავად მმართველი ძალის მიერ. როგორც გაირკვა, წლიურად ₾700 მილიონი იფლანგებოდა მხოლოდ საჯარო უწყებებში" - ასე ეხმაურება ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი სოციალურ ქსელში "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მილიონი დაიზოგა.
გარდა სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციისა, კობახიძემ თქვა ისიც, რომ უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში მრჩევლების თანამდებობები გამოიყენებოდა მცირე დატვირთვის სანაცვლოდ მაღალი ხელფასის მისაღებად.
მურმან მარგველაშვილი ინტერესდება, ეს ზიანის და საფრთხეების მთლიანი სურათია თუ მხოლოდ წვერი იმ აისბერგისა, რომელმაც "შეიძლება ჩვენი, არცთუ-ტიტანიკი ეკონომიკა საბოლოოდ ჩაძიროს და ჩვენი სახელმწიფო კაბალურ მდგომარეობაში ჩააყენოს".
"როგორც გაირკვა, წლიურად ₾700 მილიონი იფლანგებოდა მხოლოდ საჯარო უწყებებში. ამასვე მიანიშნებს ენერგეტიკაში წაგებული საარბიტრაჟო თანხები რაც $545 მილიონამდეა (და ამას პროცენტები მუდმივად ემატება). აქვე დავამატებდი ენერგეტიკაში მიუღებელ ინვესტიციებს და შემოსავლებს, რაც მხოლოდ ნამახვანჰესის და რუსეთ-სომხეთის გაზის ტრანზიტის გათვალისწინებით სავარაუდოდ $1 მილიარდს აღემატება. ხელოვნურად დაწეული ტარიფებით ბიუჯეტს ზიანი ადგებოდა ასევე ელექტრობის ტრანზიტში.
მართვის ხარისხის თვალნათლივი მაჩვენებელია ის, რომ სახელმწიფო სადაც გენერაციის დადგმული სიმძლავრე 5 ათას (!) მეგავატს ხოლო მაქსიმალური ტვირთი 2.5 ათას (!) მეგავატს არ აღემატება მემორანდუმებს აფორმებს და ვალდებულებებს იღებს 11 ათას (!!!!) მეგავატ დამატებით სიმძლავრეზე; რაშიც არ შედის წყალსაცავიანი ჰესები, რომელთა მშენებლობის განზრახვასაც ცალკე ცხადდებოდა. [უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს რიცხვები მრავალჯერ ჟღერდებოდა მთავრობის სხდომებზე].
ბუნებრივად იბადება კითხვა - ეს ზიანის და საფრთხეების მთლიანი სურათია თუ მხოლოდ წვერი იმ აისბერგისა რომელმაც შეიძლება ჩვენი, არცთუ-ტიტანიკი ეკონომიკა საბოლოოდ ჩაძიროს და ჩვენი სახელმწიფო კაბალურ მდგომარეობაში ჩააყენოს?! მართლაც, ჩვენ დახურული მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული ინტერ-რაოსა და სოკართან, სავარაუდოდ მოხდა მოდიფიცირება სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან გაზის მიღების პირობების და ა.შ. ასევე გვესმის გაფრთხილებები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩინეთთან საკონტრაქტო ურთიერთობებზე. სავარაუდოდ ეს არასრული სიაა; ხოლო წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში, კვალიფიციურად და გრძელვადიანი ხედვით კეთდებოდა.
იმისთვის, რომ სამომავლო მოულოდნელობები და საფრთხეები ავიცილოთ, საჭიროა ამ დახურული “კომერციული” ურთიერთობების კვალიფიციური ინვენტარიზაცია და აუდიტი, და სახელმწიფო რისკების შეფასება. [ეჭვი მეპარება საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტოებს ამ დახურულ დოკუმენტებზე წვდომა ჰქონდეთ.]
საინტერესოა მმართველი (ან რომელიმე ოპოზიციური) პოლიტიკური ძალა ხომ არ ითავებდა ამ ინვენტარიზაციის ჩატარებას და ქვეყნის სამომავლო საფრთხეების გამოვლენას? დრო ხომ არ დადგა, რომ გაკვეთილების გამოტანა და წინ გახედვა ვისწავლოთ?" - წერს მარგველაშვილი.
ცნობისთვის, bm.ge-მ სახელმწიფო საწარმოებში კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ცალ-ცალკეც საწარმოებიდანაც გამოითხოვა და შემდეგ (2025 წლის 21 ივლისს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდანაც, რომელმაც თავის მხრივ, ინფორმაციის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, თუმცა პასუხები, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. bm.ge-ის კითხვები ეხება "საქართველოს რკინიგზაში" განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგებს, კერძოდ, სულ რამდენი მილიონი ლარია დაზოგილი წლიურად, ძირითადად ვის/რის ხარჯზე და რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს. ასევე, რა შედეგით დასრულდა ოპტიმიზაცია ენერგეტიკულ საწარმოებში. გარდა ამისა, Bm.ge-ის აინტერესებს, ამ ეტაპზე რომელ კომპანიებში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი დაწყებული ან/და სად იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის, 3 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა. კერძოდ, მისი თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზაში 36 მილიონი ლარი დაიზოგება, ხოლო ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში – 16,5 მილიონი ლარი. ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, ოპტიმიზაციის შედეგად წლიურმა ეკონომიამ შეიძლება 100 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს. 5 ივნისს იგივე გაიმეორა ლევან ჟორჟოლიანმაც და ასევე დასძინა, რომ ოპტიმიზაციის საბოლოო მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა.




























