პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის განვითარება მნიშვნელოვანია და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.
როგორც მან პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51% წილის დარჩება სახელმწიფოს, 49% ექნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი გაატარებს 600 ათას კონტეინერს, რაც ნიშნავს დაახლოებით 7,8 მილიონ ტონა ტვირთს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში საბოლოო წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა [China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური)] ჰოლდინგმა წარადგინა. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავიდავითაშვილი ამბობდა, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად იყო შევსებული, რამდენიმე დღეში სწორედ ეს კონსორციუმი გამოცხადდებოდა გამარჯვებულად. 20 ივნისს კი თქვა, რომ ინვესტორად ჩინური კონსორციუმის გამოცხადებას რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება.
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, შეზღუდულ პირთა ნუსხაში შეიყვანა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, ეს არ წარმოადგენს შეზღუდვას კომპანიისთვის საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები. ამასთან, ჩინური კონსორციუმი სხვადასხვა დროს WB-ის, ADB-ისა და აფრიკის განვითარების ბანკის შავ სიებში მოხვდა.