მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია მიესალმება PPA კონტრაქტების აღდგენას, თუ ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და სწორად დარეგულირებული. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დარჯანიამ აღნიშნა, როგორც ცნობილია, აქაც იქნება კონკურსი, რაც მისასალმებელია.
„CFD აუქციონი არ ჩატარდება და ბოლო აუქციონზე დაფიქსირებული მედიანური ტარიფი იქნება შეთავაზებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას შეეძლება ამ ტარიფით განხორციელება. აქაც იქნება კონკურსი, უბრალოდ CFD აუქციონთან შედარებით გამარტივებული სატარიფო კონკურსი იქნება. შესაბამისად, მივესალმებით, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და სწორად დარეგულირებული. რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ეს პროცესი იქნება უფრო სწრაფი და სწრაფად გადასვლადი გამარჯვებიდან განხორციელების ეტაპზე“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.
ცნობისთვის, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ინვესტორებთან პირდაპირი კონტრაქტები სიმძლავრის მეორე აუქციონის მედიანური ტარიფებით დაიდება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიანური ტარიფი თავად დაინტერესებული მხარეების მხრიდან წარმოდგენილი ფასების მიხედვით დადგინდა და პირდაპირი კონტრაქტებიც სწორედ ამ ტარიფით დაიდება.
ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, რომ მთავრობა ახალ CFD აუქციონებს აღარ გამოაცხადებს და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან პირდაპირ კონტრაქტებს გააფორმებს. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ დადგენილი ტარიფები პროექტების რეალურ ღირებულებას არ შეესაბამებოდა, რაც ენერგოპროექტების განხორციელებას რისკს ქვეშ აყენებდა.