მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

["ოფშორების კანონს"] საფინანსო სექტორთან არანაირი შეხება არ აქვს - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა BMG-სთან ე.წ. “ოფშორების კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებას ფინანსურ ტრანზაქციებზე გავლენა ისედაც არ ექნება.

“ამ კანონს, ცვლილებას, არანაირი შეხება არ აქვს საფინანსო სექტორთან და ფინანსურ ტრანზაქციებზე. მისი ზემოქმედება ფინანსურ სექტორზე იქნება ნულის ტოლი, იმიტომ, რომ ფინანსური ტრანზაქციები განთავისუფლებულია გადასახადებისგან, კანონი კი გადასახადების შეღავათს ეხება და არა - საფინანსო სექტორს”, - განმარტავს სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა საფინანსო სისტემას ფულის გათეთრების შემთხვევებისგან ეფექტიანად იცავს.

“რაც შეეხება, ზოგადად, ე.წ. შავი ფულის მოძრაობას საქართველოში, ჩვენ იმდენად ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს, რომელიც ფულის გათეთრებისგან, სანქციების გვერდის ავლისგან იცავს საფინანსო სისტემას, რომ არც ერთი მსგავსი ფაქტი ამ დრომდე არ გამოვლენილა და მომავალშიც მაქსიმალურად ვაკონტროლებთ ამას”, - აცხადებს თურნავა.

20 მაისს პარლამენტშის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ე.წ. “ოფშორების კანონზე” პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილებოდა, რომელსაც კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

“ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებული კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას, აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება, თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები