ოფშორზე ისე საუბრობენ, თითქოს შავბნელი თემაა, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე ოფშორების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას განაცხადა. მისი თქმით, გასაგები რომ იყოს რაზეა საუბარი, ის განმარტებებს აკეთებს.
„ოფშორზე ისე საუბრობენ, თითქოს შავბნელი თემაა. ოფშორების უმრავლესობა დასავლურ ქვეყნებს ეკუთვნის, მათ იურისდიქციაშია, ეს არის კანონიერი ქმედება. ოფშორიდან იმართება ძალიან ბევრი დასავლური და სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები. ამიტომ აქ რუსული არაფერი არ არის", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ, რომელიც მმართველი გუნდის წევრია. მმართველი გუნდი კი ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრის პოსტს კახა კალაძე იკავებდა, ფიქრობდა, რომ ხუდონჰესის მშენებელი კომპანია "ტრანს ელექტრიკა" ოფშორში არ უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული.
საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის შემუშავებული და რომლის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.
პარლამენტში ინიციატივა მისმა თანაავტორმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. მისი თქმით, შეღავათი გავრცელდება ოფშორებიდან საქართველოში კომპანიებისა და მათი გადმოტანაზეც, საუბარია ისეთ აქტივებზე, როგორიცაა თვითმფრინავები და მანქანები.
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ. ამიტომაც, ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების მიღებას გეგმავენ.
"ჩვენ გვიწერია კანონში, რომ თუ ოფშორული კომპანია ფლობს საქართველოში საწარმოს, კომპანიას თუ ქარხანას, მან რომ გადმოიტანოს, არის გადასახადი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ითვლება ეს ქვეყნის დოვლათში. ხოლო თუ სხვა ქვეყნიდან გადმოდის, ამას არ ეხება. ნეტავ ვინმემ რამე გადმოიტანოს...
ითქვა, რომ რუსები გადმოიტანენ თუ არა შავ ფულს ან მსგავსი... ვინც ეს კითხვა დასვა, წაკითხული რომ ჰქონოდა [კანონპროექტი], არ იტყოდა ამას. ეს გულისხმობს ამოქმედებისთანავე.... დღეს ვისაც აქვს შექმნილი ეს ფირმა [ოფშორში], რომელიც ფლობს საქართველოში ფირმას, ქონებას და ა.შ. მათ შეეხებათ ეს. აწი რა გაკეთდება, იმას ვერანაირად ვერ შეეხება“, - განმარტა პაატა კვიჟინაძემ.