მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის განათლების კომიტეტი დიპლომების ორმხრივი აღიარებისთვის ინდოეთთან თანამშრომლობისთვის მზადაა

ინდოეთი გივი მიქანაძე

ინდოეთში მყოფმა საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის დელეგაციამ მზაობა გამოთქვა, ინდოეთთან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ორმხრივი აღიარების კუთხით თანამშრომლობაზე.

როგორც პარლამენტის პრესრელიზში წერია, ინდოეთში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ინდოეთის რესპუბლიკის განათლების სახელმწიფო მინისტრს, დოქტორ სუკანთა მაჯუმდარს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, ინდოეთში შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ინდოელი სტუდენტების მხრიდან ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ინტერესი მზარდია.

"შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თითქმის 21 000 ინდოელი სტუდენტის სწავლის ფაქტი და მხარეებმა სრული მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის, მათ შორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ორმხრივი აღიარების კუთხით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და კონსული ქეთევან ლაგვილავა", - წერია პრესრელიზში.

ინდოეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გეგმების შესახებ, გასულ თვეს საქართველოს განათლების მინისტრის ინდოეთში ვიზიტის დროსაც გაცხადდა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრო ინდოეთში გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას განიხილავს.

ცნობისთვის, 2024/2025 სასწავლო წლების მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით უცხოელი სტუდენტი ინდოეთიდანაა. მათი რაოდენობა 20 319-ს შეადგენს. აქედან, 16 715 ინდოეთის მოქალაქე სტუდენტი კერძო უნივერსიტეტებში, ხოლო 3 604 - სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები