ასე ყველაფერი შეიძლება ითქვას, მაგრამ პრიორიტეტების გადახედვა 4 წლის განმავლობაში ნორმალურია - ასე უპასუხა პრემიერმა კითხვას არის თუ არა გაზსაცავის პროექტი მმართველი გუნდის შეუსრულებელი დაპირება.
"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, წელს გაზსაცავის მშენებლობა უკვე უნდა დასრულებულიყო. თუმცა პრემიერი ამბობს, რომ "ოცნება" ახლა იმსჯელებს მომავალ პროგრამაში კვლავ უნდა ჩაწერონ თუ არა პროექტი.
"პერიოდულად პრიორიტეტები იცვლება. ჩვენ, ამ წლების განმავლობაში ენერგეტიკის მიმართულებით გვქონდა ძალიან სერიოზული წინსვლა. ჩვენ, ახალ საარჩევნო პროგრამაშიც, ენერგეტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება.
ჩვენ, 4 წელი აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ჩვენი ენერგეტიკული რესურსები გავაძლიეროთ. მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, მაგრამ არამარტო. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წლისთვის წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას. იგივე, გაზის კუთხითაც არის ბევრი რამ გასაკეთებელი და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ჩვენს პროგრამებში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კონკრეტული პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ეს ზრუნვა გაგრძელდება და აისახება 20 წლიან საარჩევნო პროგრამაში. რაც შეეხება გაზსაცავს, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული მსჯელობა, რა პერსპექტივები და პრიორიტეტებია და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, იქნება თუ არა შემდეგ საარჩევნო პროგრამაში", - განაცხადა პრემიერმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გაზსაცავის აშენების შესახებ საარჩევნო დაპირება არ შესრულდა, კობახიძე პასუხობს, რომ - ასე ყველაფერი შეიძლება ითქვას, მაგრამ პრიორიტეტების გადახედვა 4 წლის განმავლობაში ნორმალურია".
გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, უწყებების წარმომადგენლების არა ერთი, ურთიერთგამომრიცხავი კომენტარი არსებობს. მიმდინარე თვეში, 6 ივნისს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ სამგორში გაზსაცავი მისი ეკონომიკურად მცირე სარგებლის გამო არ აშენდა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი იყო. რაც არსებითაც განსხვავდება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის 2023 წლის გასულ წელს გაკეთებული განცხადებისგან.
რომეო მიქაუტაძემ მაშინ თქვა, რომ გაზსაცავის პროექტისთვის შერჩეული ადგილი სამგორში მშენებლობისთვის შესაფერისი არ არის, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა.
ფაქტია ის, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [KFW] სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობისთვის 150 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც 2022 წელს 120 მილიონი მთავრობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა. პროექტის თავდაპირველი ვერსიით გაზსაცავში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
ბოლოს, გაზსაცავთან დაკავშირებით BMG-სთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ნავთობისა და გაზის კორპორაცია სწავლობს გაზსაცავის აშენების გარეშე იგივე მიზნების სხვა ფორმატში მიღწევის შესაძლებლობას.