მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტი მთავრობა

პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტს დაუბრუნა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილეს. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება, თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, კანონი მთელ რიგ კითხვებს ბადებს საქართველოს ოფშორულ ზონად გადაკეთებისა და საეჭვო წარმომავლობის თანხებისთვის ქვეყნის კარის გახსნის მიმართულებით. ასევე დეპუტატთა შეფასებით, კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონი ბანანის რესპუბლიკად ქცევისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ვინ ისარგებლებს ოფშორების შესახებ მიღებული კანონით?

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ვეტოს დადების უფლებით უკვე მეექვსედ ისარგებლა. ბოლოს მან ვეტო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს დაადო. მისი განცხადებით, ის აპირებს ვეტო "რუსულ კანონსაც" დაადოს, თუ მას პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს.