პარლამენტში აზარტული თამაშების შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, დეპუტატებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად, უშუალოდ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც კომპანია „ევროპაბეთს" წარმოადგენს, კანონპროექტის ინიციატორ დეპუტატებს სამი კონკრეტული კითხვით მიმართა:
1. რატომ მიეცათ ბანკებს 6 თვე იმისთვის, რომ მათთვის კანონი ნახევარი წლის შემდეგ შევიდეს ძალაში და რატომ "გვატყდება" ჩვენ ყველა კანონი თავს 1-ელი იანვრიდან?
2. მსოფლიო ბანკი აწარმოებს ქვეყნისთვის საგადასახადო ტვირთის დათვლის გაანგარიშებას. მისი მეთოდოლოგიით, 2017 წლიდან ეს ტვირთი ჩამოსულია 16-დან 9%-მდე. ჩვენს ინდუსტრიას დღეისთვის ისედაც აქვს, დაახლოებით, 40%-იანი ტვირთი და ეს ტვირთი კაზინოს ნაწილში კიდევ უფრო მეტია, ჯამში, შეადგენს 70%-ს. რა დანიშნულება აქვს ამ კანონების ცვლილებას გადასახადების ნაწილში? თუ ტვირთი დაგვიმძიმდა და ასაკობრივი ზღვარი გახდა 25 წელი, ვერანაირ რეკლამაში ფულს ვეღარ დავხარჯავთ. რაც არ უნდა შეცვალოთ და დარეგულიროთ, ჩვენ ამაში ფულს ვეღარ გადავიხდით.
3. რამდენად შედგა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან იმის თაობაზე, რომ აღიკვეთოს უკანონო ტრანზაქციების ქვეყნიდან გადინება? ჩვენი საგანგაშო მესიჯი არის ყველასთან - ეს ფული ქვეყნიდან გავა და ბავშვები თამაშს არ შეწყვეტენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასაკი, უბრალოდ, ავწიეთ.
კომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ აკრძალვებით გამორიცხულია მოთამაშეების რაოდენობის შემცირება და კანონპროექტი მიზანს ვერ მიაღწევს. "ძალიან ზედაპირულად მსჯელობთ", - მიმართავენ კომპანიის წარმომადგენლები დეპუტატებს.
ცნობისთვის: "ევროპაბეთის"" წარმომადგენლის პირველი კითხვა ეხება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მეცამეტე პრიმა მუხლიც უცხოურ სათამაშო სისტემებში თანხის გადარიცხვას კრძალავს. ეს ნორმა კანონპროექტის გამოქვეყნებიდან 6 თვეში უნდა ამოქმედდეს.
"საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვეში," - ნათქვამია კანონპროექტში.