თელავის აეროპორტის მშენებლობაზე ტენდერი გასული წლის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს მთავრობა ამასთან დაკავშირებით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში BMG-ის მხოლოდ ის უთხრეს, რომ ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ თელავის აეროპორტის პროექტზე ინფორმაცია.
ამიტომ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, რატომ არ გამოცხადდა ტენდერი და რას გეგმავს მთავრობა 2026 წელს თელავის აეროპორტთან დაკავშირებით.
არადა 2024 წლის ივნისში, “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 2024 წელსვე უნდა დაწყებულიყო და 2025 წელს დასრულებულიყო. თუმცა 2025 წელი ისე მიილია, ამ მხრივ სიახლე ისევ არაფერია.
სამშენებლო სამუშაოების 2024 წელსვე დაწყების პირობას დებდა "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილიც. "გეგმაში გვაქვს, რომ თელავის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები წელსვე დავიწყოთ, რომ რაც შეძლება მალე მიიღოს თელავის აეროპორტმა პირველი მგზავრი".
ტენდერი რომ 2025 წლის ბოლომდე გამოცხადდებოდა, ამაზე სახელმწიფო კომპანია აეროპორტების გაერთიანებაც საუბრობდა.
"თელავის აეროპორტის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსთვის. თავდაპირველად პროექტი ითვალისწინებდა საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას, თუმცა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის უმსხვილესი, 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი პროექტის დაწყების შემდეგ და ახლო რადიუსში ორი საერთაშორისო აეროპორტის გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით და სწორი საავიაციო განვითარების მიზნებისთვის, მიმდინარეობს თელავის აეროპორტის პროექტში ცვლილებების შეტანა", - აცხადებდნენ უწყებაში 2025 წლის ივნისში.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში თელავის აეროპორტის პროექტზე თანხა გამოყოფილი არ არის.
თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.
"იცით, რომ ძალიან სწრაფად ხდება საქართველოს შიდა გზების და შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ბევრი ადგილი მარტივად არის დაკავშირებული, ამიტომ თელავის აეროპორტს მოვიაზრებთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად. საერთაშორისო რეისები თუ იქნება ვაზიანში, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმალური იქნება თელავის აეროპორტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს და მხოლოდ შიდა რეისებისთვის იყოს და ვაზიანი მოემსახურება ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს და ასე შემდეგ", - აცხადებდა გასული წლის ივნისში ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მხოლოდ ორი შიდა დანიშნულების აეროპორტი (მესტია და ამბროლაური) აქვს, სადაც ფრენებს 2018 წლიდან სახელმწიფოსთან არაერთხელ გაგრძელებული ხელშეკრულების საფუძველზე, „აკ-ეარ ჯორჯია" ნატახტრიდან ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ შიდა ფრენები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულია.
რაც შეეხება თელავის აეროპორტს, სახელმწიფო კომპანია აეროპორტების გაერთიანების დაპირებაა, რომ თელავს ექნება შიდა ფრენებზე მორგებული თანამედროვე სტანდარტების აეროპორტი, თუმცა როდის ეს როგორც აღვნიშნეთ ჯერჯერობით უცნობია.
"პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად აეროპორტი მორგებული იქნება მხოლოდ შიდა ფრენებზე, შესაბამისად, განიხილება ბიუჯეტის კორექტირება, შემცირდება აეროპორტის გამტარობა, მოხდება ტერმინალის რევიზია, მიმდინარეობს სააეროდრომო ინფრასტრუქტურის ნაწილის კორექტირება, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი დანიშნულების ფრენებისთვის განკუთვნილ ხომალდებზე იქნება მორგებული, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს გაცილებით ნაკლები დაუჯდება", - აცხადებდნენ აეროპორტების გაერთიანებაში გასულ წელს.



























