ავიაემბარგოს მოხსნის მიმართ არსებული მოლოდინი ვერ გამართლდა - რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულზე ვერ დაბრუნდა.
საქართველოსთვის 2019 წლის 20 ივნისს დაწესებული ავიაემბარგოს მოხსნის გადაწყვეტილება რუსეთი პრეზიდენტმა გასული წლის გაზაფხულზე მიიღო, შედეგად, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები 2023 წლის 15 მაისიდან როგორც ქართულმა Georgian Airways-მა, ასევე რუსულმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს. რეისები ეტაპობრივად რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოში არსებულ ყველა საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაიწყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ფრენები დაახლოებით იმავე პერიოდში აღდგა, როცა 2019 წელს პირდაპირი ფრენა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით აიკრძალა.
ვლადიმერ პუტინის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლებაში პოზიტიურად შეხვდნენ. მმართველი გუნდის წევრები და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების სასიკეთოდ კეთდებოდა, რადგან ისინი საქართველოში მოგზაურობას უფრო მარტივად შეძლებდნენ. მთავრობის მაშინდელი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის აცხადებდა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა პოლიტიკურ კონსულტაციებს არ ნიშნავდა და ეს მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია. უფრო მეტიც, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ ავიაემბარგოს მოხსნით ტურიზმის სექტორი 2023 წელს $300-400 მლნ-ით მეტ შემოსავალს მიიღებდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან გასულ წელს ჯამში 1 418 464 ვიზიტი განხორციელდა. ამგვარად, რუსეთმა შესრულებული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. 2023 წელს რუსი ვიზიტორების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებლის 96.4% შეადგინა. ანუ გასული წლის მონაცემები პანდემიამდელ მაჩვენებელს 3.6%-ით ჩამორჩება.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავიაემბარგოს მოხსნა რუსეთიდან ტურისტული ბუმი ვერ გამოიწვია.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსი ვიზიტორების მხრიდან 2023 წელს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 30.5%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება შემოსავლებს,საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს რუსი მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ 65 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს რიცხვი $891 მილიონი იყო. ზრდა მხოლოდ $174 მილიონია და ეკონომიკის მინისტრის გათვლებს მკვეთრად ჩამორჩება, რომ რუსეთის კონტრიბუცია ტურიზმში $300-400 მლნ-ით მეტი უნდა ყოფილიყო.