დასავლეთის მიერ სანქცირებულმა შს მინისტრმა და ვიცეპრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართვა დღეს, 28 მაისს გაავრცელა. გომელაურის თქმით, “დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა”, გუნდს სთხოვა თანამდებობის დატოვება, რაც მას მისცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს.
Bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მიდის „ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი თანამდებობიდან. როგორც ჩანს, ვახტანგ გომელაურს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 24 ივნისს აქვს შევსებული.
დეკლარაციაში მითითებული ქონების მიხედვით, მას თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე 200,7 კვ.მ ფართობის ბინა 2022 წელს, 542 000 ლარად აქვს ნაყიდი. მის მეუღლეს, ნინო კუდუხაშვილს კი ტაბახმელაში, 2001 კვ.მ საცხოვრებელი სახლი 123 717 ლარად აქვს ნაყიდი. ჩუქებით კი მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი თიანეთის რაიონის სოფელ გორანაში (1422 კვ.მ) და აგარაკი ამავე სოფელში (1088 კვ.მ).
საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს დეკლარაციაში მითითებული აქვს სესხის ანგარიში 188 ათასი ლარის ოდენობით, ასევე სახელფასო და მიმდინარე ანგარიშები, რომლებზეც 50 ათას ლარამდე თანხა აქვს განთავსებული. დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ გომელაური სახლში ნაღდი ფულის სახით ინახავს 7,400 დოლარს და 18 000 ლარს.
2023 წელს მას მინისტრის პოსტზე აღებული აქვს 96 788,76 ლარის ოდენობის ხელფასი.
ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პოსტს 2019 წლის 8 სექტემბრიდან იკავებდა. ის მაშინ ამ პოზიციაზე მეორედ დაინიშნა. მანამდეც, 2015 წელს დაახლოებით რვა თვის განმავლობაშიც იყო შს მინისტრი. შემდეგ 2015 წლის 1 აგვისტოს სუს-ის უფროსად დაინიშნა. 2015 წლამდეც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, 2013-2015 წლებში იკავებდა ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი პირველი მოადგილის პოზიციას. 2003-2013 წლებში კი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. დამთავრებული აქვს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები გასული წლის დეკემბერში დაუწესა. გომელაური სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში შეიყვანეს, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა. მაშინვე, ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. მოგვიანებით, გომელაური უკრაინამაც დაასანქცირა, ხოლო ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მას სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს. გარდა ამისა, გერმანიასაც აქვს ქართველ მაღალჩინოსნებზე სანქციები დაწესებული, მაგრამ ვინაობა ანონიმურია, რის გამოც არ არის საჯარო, არის თუ არა ამ სიაში გომელაურიც.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის სანქცირების შემდეგ, მალევე, ირაკლი კობახიძემ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. ხოლო მიხეილ ყაველაშვილმა “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის” ღირსების ორდენით დააჯილდოვა.




























