მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად რთულია ბიზნესისთვის დემპინგის განაცხადის დასაბუთება?

60ca157c2ba2b
ელენე გოგბერაშვილი
16.06.21 23:40
907
კონკურენციის სააგენტო 1 ივნისიდან ოფიციალურად შეუდგა ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებას, თუმცა როგორც ირკვევა, ის ბიზნესები, რომლებიც დიდი ხანია ელოდნენ ანტიდემპინგური კანონის მიღებას, ჯერ მზად არ არიან ბაზარზე შესაძლო დემპინგური იმპორტი ფაქტებით დაასაბუთონ.

იმისათვის, რომ სააგენტომ კერძო სექტორის განაცხადი დასაშვებად ცნოს, რამდენიმე წინაპირობა უნდა შესრულდეს.

პირველი - ბიზნესმა განაცხადში უნდა დაასაბუთოს, რომ ექსპორტიორ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოსთვის განკუთვნილი ფასი. მეორე - მათ უნდა წარმოადგინონ ასევე ინფორმაცია რა ზიანი ან ზიანის საფრთხე შეიძლება ადგებოდეს ადგილობრივ ინდუსტრიას და რომ ამ ორ პროცესს ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს.

ოღონდ ეს იმ დაშვებით, რომ ადგილობრივი ინდუსტრიების 50%-ზე მეტი სვამს ამ პრობლემას ან არ ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენილ ინფორმაციას და საბოლოო ჯამში, განაცხადზე ხელმომწერების ერთობლივი წილი ბაზარზე  25%-ზე ნაკლები არ არის.

კონკურენციის სააგენტო დემპინგის შესახებ განაცხადებს მძიმე მრეწველობიდან, სამშენებლო ინდუსტრიიდან და აგროსექტორიდან ელის.

აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე მეფრინველეობის დარგი სახელმწიფოს ქათმის ხორცისა და კვერცხის დემპინგური იმპორტისგან დაცვას სთხოვდა, დღეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივ წარმოებას დემპინგური ფასები იმდენად აღარ უქმნის პრობლემას, რომ ის საკმაოდ რთული პროცესი გაიარონ, რაც კონკურენციის სააგენტოში განაცხადის შესატანად არის საჭირო.

რაც შეეხება მძიმე მრეწველობას, დემპინგური იმპორტის პრობლემა ჰქონდა რუსთავის ფოლადს, ჰაიდელბერგცემენტს. ეს კომპანიები დღეს საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცის წევრები არიან და აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათ შორის ანტიდემპინგური კანონის შექმნაში.

ასოციაციის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დღეს ქვეყანაში დემპინგური იმპორტის საკითხი ისეთივე აქტუალური არ არის, როგორც აქამდე, თუმცა როგორც მარიანა მორგოშია აცხადებს, ბიზნესი დააკვირდება ბაზარს და დემპინგური იმპორტის იდენტიფიცირების შემთხვევაში აუცილებლად მიმართვას კონკურენციის სააგენტოს.

„ირანიდან ფიქსირდებოდა დემპინგური იმპორტი, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ არის აქტუალური იმ ინდუსტრიებთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ დღეს. ასევე დამატებით ხორციელდებოდა დემპინგური იმპორტი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით ბაზარს. იმ შემთხვევაში თუ მოხდება დემპინგური იმპორტის იდენტიფიცირება, აუცილებლად გამოვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შესთავაზა კერძო სექტორს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - აცხადებს მორგოშია.

ბიზნესი აღიარებს, რომ კონკურენციის სააგენტოში განაცხადის გასაკეთებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება ბიზნესისთვის ადვილი არ იქნება, მითუმეტეს იმ ქვეყნებში, სადაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები არ მოქმედებს ან ამ წესებს ნაწილობრივ იცავენ. გასათვალისწინებელი იქნება ასევე სუბსიდიის კომპონენტიც, რადგან რიგ ქვეყნებში მთავრობები ასუბსიდირებენ როგორც წარმოებას, ისე - იმპორტს.

„რასაკვირველია, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც ევროკავშირის წევრები არიან, ამ ინფორმაციის მოპოვება ძალიან ადვილია, რადგან ეს ინფორმაცია ოფიციალურად არის აღრიცხული, ამ პროცესში გასათვალისწინებელი იქნება ასევე სახელმწიფო სუბსიდირების კომპონენტიც, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნების სახელმწიფოები ახორციელებენ პროდუქტის სუბსიდირებას როგორც წარმოების, ისე - ექსპორტის. საერთო ჯამში, არ იქნება ადვილი ამ კანონის აღსრულება და მე არ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა იქნება, როდესაც ამ კანონით გათვალისწინებული მექანიზმები ჩაირთვება“, - აცხადებს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკა ნანუაშვილი.

ფაქტია, ბაზარზე დემპინგური იმპორტის დასადასტურებლად განმცხადებელს კონკურენციის სააგენტოსთვის სოლიდური ინფორმაციის წარმოდგენა მოუწევს. თუ კერძო სექტორი დაასაბუთებს, რომ ექსპორტიორ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოსთვის განკუთვნილი ფასი და აშკარად იკვეთება ზიანი ან ზიანის რისკი ადგილობრივ ინდუსტრიაზე, მთავრობას შეუძლია, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი შემოიღოს, რომელიც საექსპორტო ქვეყანაში და საქართველოში არსებული ფასის სხვაობიდან გამომდინარე დგინდება.

საქმის შესწავლისთვის კი კონკურენციის სააგენტოს დრო 12 თვე აქვს, თუმცა ეს ვადა შეიძლება არაუმეტეს 6 თვით გაგრძელდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები