მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იქმნება გზების მოვლისთვის სახელმწიფო კომპანია?|ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტება/არგუმენტები

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა, რატომ იქმნება გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანია.

მისი განმარტებით, უამრავი შემთხვევაა, როდესაც კერძო კომპანიები გზების მოვლა-შენახვაში შეცდომებს უშვებენ და სამუშაოების ჩატარება თავიდან უხდებათ.

რევაზ სოხაძემ აღნიშნული შემთხვევის მაგალითად, „სამტრედია-გროგოლეთის გზა დაასახელა და თქვა, რომ შესაძლებელი იყო მისი გაცილებით მცირე დანახარჯებით ხარისხიანად გაკეთება.

მინისტრმა აღნიშნული ინიციატივის ამოსავალ წერტილად კომპანიების მოძველებული ტექნიკა დაასახელა, რითაც, მისი აზრით, გზების მოვლა აღარ უნდა ხდებოდეს.

„სამტრედია-გროგოლეთს მონაკვეთზე, გზა რამდენიმე წლის წინ იყო დაგებული და მოგვიწია, ხელახლა ე.წ საცვეთი ფენის გადაგება, რადგან მოვლა-შენახვაში იყო შეცდომები დაშვებული და გზა დაზიანდა. ამაში რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, როდესაც ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მცირე დანახარჯებით აქამდე არ მივსულიყავით. მსგავსი უამრავი შემთხვევაა, მათ შორისა გურჯაანი- ჭაბუკიანის გზის მონაკვეთი. სამწუხაროდ ეს კომპანიები არ ზრუნავენ თავიანთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე. ალბათ გინახავთ, როგორი მანქანებით ხდება თოვლის გაწმენდა, მათ შორის, ცენტრალურ მაგისტრალებზე. ჩვენ არ გვინდა 70-იან, 80-იან წლებში გამოშვებული მანქანებით და მოძველებული ტექნიკით, რაც მსოფლიოში არსად აღარ ხდება, გზების მოვლა-შენახვა.წლების განმავლობაში შევქმენით მრავალმილიარდიანი აქტივი და ახლა არის დრო, ამ აქტივს მოვუაროთ, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, - განაცხადა მან.

რევაზ სოხაძემ თქვა, რომ სამინისტრო აპირებს შეიძინოს ახალი ტექნიკა, რომელიც თანამედროვე და ხარისხიანი იქნება. მან აღნიშნა, რომ ამისთვის კონკრეტული თანხა 120 ერთეულ ტექნიკაზეა გამოყოფილი. ამის მიუხედავად, მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო მაინც არ იქნება კერძო კომპანიების კონკურენტი და მათ განვითარებაზეც იზრუნებს.

"ჩვენი მაგისტრალის ცენტრალურ ხერხემალზე სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი და ამავდროულად პირობებს შევქმნით, რომ კერძო კომპანიებმა შეიქმნან მატერიალურ ტექნიკური ბაზა მათ შესაბამისი და სწორი ანაზღაურების სისტემის პირობებში, რომელიც კონკრეტულ ინდიკატორებზე იქნება დამოკიდებული, მოუარონ გზას. ჩვენთვის მთავარი მიღწევა იქნება ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები - ეს იქნება ჩვენი წარმატების მთავარი ინდიკატორი. მაგალითად, პირველად გვაქვს შემთხვევები, როდესაც საშუალება მივეცით ქართულ კომპანიებს, დიდ საგზაო ტენდერებში მიეღოთ მონაწილეობა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული კონსორციუმი შეიქმნა თბილისის შემოვლით გზაზე ტენდერში მოაწილეობისთვის - აქ ჯერ ტენდერში არ გამოვლენილა გამარჯვებული, თუმცა ვიცით უკვე რომ ეს კონსორციუმი მონაწილეობდა. მეორე ლოტშიც მონაწილეობდა მეორე ქართული კონსორციუმი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.

ასევე მთავრობა ამზადებს გადაწყვეტილებას, რომ შეღავათი დაუწესოს ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში ქართულ კომპანიებს სატენდერო პირობებში.

ჩვენ ასევე გვაქვს ინიციატივა, რომ წავახალისოთ ის კომპანიები, რომლებიც კონტრაქტს დროულად და ხარისხიანად შეგვისრულებენ - ეს წახალისება იქნება მათი მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში გაღებული სახელმწიფო სახსრები", - განაცხადა რევას სოხაძემ და დასძინა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ამ მიმართულებით ღია და გამჭირვალე იქნება.

რევაზ სოხაძემ ასევე ოპონენტების კრიტიკას უპასუხა, რომ თითქოს გზების მოვლისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნით, „საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით“. მან აღნიშნული კრიტიკის არგუმენტად სხვა ქვეყნების მაგალითი მოიყვანა: „არ მგონია ესპანეთი ან ნიდერლანდები საბჭოთა კავშირში ბრუნდებოდეს, სადაც მსგავსი მოდელია“.

მან თქვა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ღია და მიაჩნია, რომ უწყებასთან კომუნიკაცია არავის არ უჭირს, ამიტომ აღნიშნულ საკითზე კითხვების შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია უწყებას მიმართოს. „ნებისმიერი ინიციატივის კრიტიკა თუ კარგ ტონად ითვლება, ეს მათი არჩევანია, მაგრამ როცა პრეტენზია გაქვს კვალიფიციურ აზრზე და დასკვნაზე, მინიმუმ საკითხი უნდა შეისწავლო - მინიმუმ იკითხონ სამინისტროში, რადგან ჩვენთან კომუნიკაცია არავის არ უჭირს და ჩვენ მათ ავუხსნიდით რაშიც არის საქმე“.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს

კერძო კომპანიები, სადაც დარჩებიან გზების მოვლა-შენახვაში, იქაც შევცვლით სისტემას - რევაზ სოხაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები