ღვინის კომპანიებში აცხადებენ, რომ იანვარში რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება დროებითი მოვლენაა და მიმდინარე წლის განმავლობაში ამ ტენდენციის გაგრძელების მოლოდინი არაა.
საქმე ისაა, რომ იანვარში საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა. წლის პირველ თვეს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 28%-ით, გაყიდული საქონლის მოცულობა კი 34.5%-ით შემცირდა. ღვინის ექსპორტის კლების მთავარი ფაქტორი რუსეთში შემცირებული გაყიდვებია, იანვარში რუსეთში ექსპორტი 47.6%-ით იყო შემცირებული.
როგორც კომპანია „ასკანელის“ დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რუსეთში ღვინის ექსპორტის კლების მიზეზი შესაძლოა, ისეთი ფაქტორები იყოს, როგორიცაა ამინდი ანდაც კომპანიების მხრიდან ახალ წლამდე დიდი მოცულობით გადაზიდვების გაკეთება.
ირაკლი უგლავას განცხადებით, მათი კომპანიის შემთხვევაში, გასულ თვეს რუსეთში ღვინის ექსპორტი გაზრდილი იყო.
„იანვარში რუსეთში ღვინის ექსპორტის კლება აქციზის ზრდასთან კავშირში არაა. რუსეთში აქციზი შარშან 1 მაისიდან გაიზარდა და აპრილის ჩათვლით თითქმის 80-90% გაკეთდა მთელი წლის მოსალოდნელი გადატვირთვების. ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ ვთქვათ, მიმდინარე წლის იანვარში შარშანდელთან შედარებით [რუსეთში] 80%-ით მეტი ღვინო გავიტანეთ. არც ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 80%-იანი ზრდა გვექნება. ეს უფრო იმასთანაა დაკავშირებული, რომ ზოგმა კომპანიამ ახალ წლამდე მოასწრო გადატვირთვა. ასევე მნიშვნელოვანია ამინდის კომპონენტი, ლარსის საკითხიც. არ მგონია, რომ ეს გრძელვადიანი მაჩვენებელი იყოს. წლის განმავლობაში დინამიკაში იქნება სანახავი. 2024 წელს საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი ღირებულებაში 9%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობაში 7%-ით. აქედან გამომდინარე, ამოვარდნილად ერთი თვის შედეგებია, რომელიც შესაძლოა, ამინდს უკავშირდებოდეს“, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.
კომპანია „ასკანელში“ ასევე აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც ბაზრების დივერსიფიცირების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„რა თქმა უნდა, ერთ ბაზარზე ამხელა კონცენტრაცია ჩვენთვისაც იმის მაჩვენებელია, რომ ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაცია სხვა ბაზრებზე უნდა გაკეთდეს. რაც მახარებს ამ მიმართულებით ისაა, რომ 2024 წელს მთლიან ექსპორტში პრიორიტეტული ბაზრების წილი 18-დან 24%-მდე გაიზარდა. ეს ისეთი ბაზრებია როგორიცაა პოლონეთი, ჩინეთი, ბალტიის ქვეყნები, სტაბილურად იზრდება ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი ისეთ ბაზრებზე როგორიცაა აშშ, გერმანია, იაპონია. ამ ქვეყნებში საქართველოდან ღვინის ექსპორტი მილიონ ბოთლზე მეტია. თუმცა რუსეთის ბაზრის წილი მკვეთრად არ მცირდება. სტრატეგიულ ბაზრებზე პროცენტულად გაყიდვები თითქოს მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა ეს მოცულობაში ისეთი დიდი არაა. შესაბამისად, ეს პროპორცია ისე ვერ იცვლება, როგორც ჩვენ გვინდა“, - აღნიშნა ირაკლი უგლავამ.
ცნობისთვის, იანვარში ექსპორტის კლების მიუხედავად, რუსეთი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს, თუმცა იანვრის მონაცემებით, მისი წილი ღვინის ჯამურ გაყიდვებში 53.8%-მდეა შემცირებული. 2024 წელს კი ქართული ღვინის ექსპორტის 66% რუსეთზე მოდიოდა.