მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ მიკრობანკების ლიცენზიის პირობების გამარტივებას მიკროსაფინანსო ასოციაციაში?

მიკრობანკი

მმართველ უმრავლესობას მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების გამარტივება სურს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვები უკვე დაიწყო. ცვლილებების ავტორები აცხადებენ, რომ არსებული კანონმდებლობით ლიცენზიის მაძიებელმა მიკრობანკმა ლიცენზიის მოპოვების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მფლობელების ჯგუფისა და სტრუქტურის შესახებ, ასევე დეტალური ინფორმაცია ყველა აქციონერის შესახებ მფლობელობის ყველა დონეზე, რაც პროცესს ართულებს. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები კი ამას გაამარტივებს.

არის თუ არა საქმის კურსში მიკროსაფონანსო სექტორი და ის კომპანიები, რომლებსაც მიკრობანკის ლიცენზიის მიღება სურთ და ხომ არ იყო დაგეგმილი ცვლილება მათი ინიციატივა - ამ კითხვებით BM.GE-მ მიკროსაფინანსო ასოციაციის ხელმძღვანელს მიმართა. ნინო დევდარიანი აცხადებს, რომ: „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჰქონდათ მოლოდინი მიკრობანკის კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციას არ მიუმართავს ამ ინიციატივით პარლამენტისთვის ან ცალკეული დეპუტატისთვის“.

მიკროსაფინანსო ასოციაციის ხელმძღვანელი მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებით გამარტივდება მიკრობანკის ლიცენზირების პროცესი, მსურველი კანდიდატებისთვის კი შემცირდება ზედმეტი ბარიერები, რაც საბოლოო ჯამში დააჩქარებს მიკრობანკების გამოჩენას ბაზარზე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ლიცენზიის მსურველის მხრიდან ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა რიგ შემთხვევაში პრაქტიკაში განუხორციელებელ მოთხოვნას წარმოადგენს და გაუმართლებელ ბარიერს შექმნის ლიცენზიის მოპოვების პროცესში. აქედან გამომდინარე ნინო დევდარიანს ისიც ვკითხეთ - რატომ არის ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა „განუხორციელებელი მოთხოვნა“ და „გაუმართლებელი ბარიერი“?

„მიკრობანკის კანდიდატებს, შესაძლოა, ჰყავდეთ აქციონერთა დიდი რაოდენობა, რაც ასეთი ტიპის ორგანიზაციებისთვის, არსებული მოთხოვნების შესაბამისად დოკუმენტაციის წარდგენას ართულებს, წელავს დროში და რიგ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის. მათ შორის, მოთხოვნილი დეტალური ინფორმაცია, შეიძლება, არ იყოს იმ დონის რელევანტური და მნიშვნელოვანი ლიცენზიაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის“, - განმარტავს ნინო დევდარიანი.

მიკროსაფინანსოების ასოციაციის ხელმძღვანელი მიკრობანკის კანონს და ზოგადად ამ ინიციატივას ახალ და უპრეცედენტო რეფორმად აფასებს.

„შესაბამისად, სალიცენზიო პროცესი და მიკრობანკების საქმიანობის პრაქტიკამ სამომავლოდაც შეიძლება განაპირობოს კანონმდებლობის ცვლილების საჭიროება. რაც ბუნებრივი პროცესია და ჩვენ შემდგომშიც ველოდებით გარკვეულ ინიციატივებს კანონის მოთხოვნების დახვეწის და პრაქტიკასთან მორგების მიმართულებით“, - აცხადებს დევდარიანი.

მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად სებ-ში პირველი განაცხადი MBC-მ შეიტანა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები