მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოხდეს საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ისე, რომ რეალური სარგებელი მოიტანოს? - განმარტება

გიორგი გურგენიძე

პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ფართოვდება. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას მხოლოდ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით, ფასიანი ქაღალდების საშუალებით შეძლებს. საპენსიო დანაზოგებით პროექტებში პირდაპირი ინვესტირება, ანუ სესხის გაცემა არ განიხილება. როგორც ცნობილია, კონკრეტულ პროექტში საპენსიო დანაზოგები რომ ჩაიდოს, არაერთი კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორ უნდა განხორციელდეს საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ისე, რომ სარგებელი მოიტანოს? - Bm.ge-მ ეს კითხვა, ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი გურგენიძეს დაუსვა. როგორც მან თქვა, ამისთვის რამდენიმე პირობა და მექანიზმი უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

"პირველ რიგში, საინვესტიციო ვერტიკალის გადაწყვეტილებას უნდა მიეკუთვნებოდეს, (საინვესტიციო ვერტიკალი პროექტის მომგებიანობას ეფუძნება) შესაბამისად, მათი შესაფასებელი იქნება პროექტი მოგებიანი იქნება თუ არა და პორტფელის ჭრილში რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს.

ამასთან, საპენსიო ფონდს უფლება ექნება ემისიის მხოლოდ 20%-მდე შევიდეს და მისი თანამონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი უნდა იყოს, შესაბამისად, კონკრეტული პროექტი მთლიანად საპენსიოს აქტივებით ვერც დაფინანსდება.

ეროვნული ბანკის რეგულირებაც ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელიც იმისი გადამზღვეველი იქნება, რომ ინვესტირება სწორად მოხდეს ჩვენთვის სარგებლიან პროექტებში, ხოლო რა პროექტი და რომელი, ეს საინვესტიციო ვერტიკალის ნაწილში იქნება შესაფასებელი", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს განმარტებების ფონზე, ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ მსხვილ პროექტებში ინვესტირებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მეტი დეტალი უნდა გაიწეროს. როგორც სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა თქვა, კანონში არსებული ზოგადი ჩანაწერი არ გამორიცხავს, პროექტებში პირდაპირ ინვესტირებას, რაც სურგულაძის განცხადებით, არაერთ რისკს შეიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები